2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 163 480 მოქალაქე წავიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 62 678-ით მეტია. რა უბიძგებს ადამიანებს ქვეყნიდან წასვლისკენ და რა შეიძლება გაკეთდეს პროცესის საპასუხოდ თემაზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა" ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა.  

მისი თქმით საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გადინების მაღალი მაჩვენებელია, რაც შემოსულთა რაოდენობას მკვეთრად აღემატება და ქვეყანას ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში აყენებს.

„პირველ რიგში ეს არის ინტელექტუალური რესურსი და სამუშაო ძალა, რის გარეშეც ყველა ეკონომიკურ ფაქტორს ძალა ეკარგება. ვიზალიბერალიზაცია ჩვენ გაცილებით ადრე მივიღეთ და მხოლოდ შარშანდელ მაჩვენებელზე ამას გავლენა არ ექნებოდა, აქ პირდაპირ ხაზი უნდა გაესვას ეკონომიკურ მხარეს, ეკონომიკურ სიტუაციას, რის გამოც მოქალაქეები ქვეყნიდან წასვლას ცდილობენ იმ ქვეყნებში სადაც მათი უნარ-ჩვევები შესაძლოა დაფასდეს“- აღნიშნა რამაზ გერლიანმა. 

გერლიანის თქმით საქართველოს მოქალაქეებს. ურჩევნიათ რომ წავიდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ „საშოვარზე" რადგან საქართველოში ეკონომიკური ვითარება არ არის იმ დონეზე, რომ ისინი იყვნენ თვითკმარი."- აღნიშნა რამაზ გერლიანმა. 

გერლიანის თქმით თუ ქვეყანაში მშვიდობიანი პერიოდია და რაიმე სახის ჩავარდნას, პანდემიას, სტიქიურ უბედურებას ან ომს არ აქვს ადგილი ყველა ქვეყანას დადებითი ეკონომიკური ზრდის სალდო გააჩნია.

„ზრდის ის მაჩვენებელი რაც აქვს საქართველოს, ანუ 5-7%-ის ფარგლებში არის მცირე ეკონომიკური ზრდა, მით უმეტეს ის არ არის ინკლუზიური და ვერ დადის თითოეულ მოქალაქემდე, და ის მოქალაქეები, რომლებიც, ფიქრობენ, რომ შეუძლიათ მეტი ცდილობენ ბედი სხვა ქვეყანაში სცადონ.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში უდიდეს როლს ისევ ემიგრანტები თამაშობენ, ისინი აგზავნიან საინვესტიციო ნაკადებზე 3-4ჯერ მეტს და ეკონომიკური ზრდა ამაზეც არის დამოკიდებული“- აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

გერლიანის თქმით ქვეყანაში საშუალო ხელფასი ისედაც დაბალია, ხოლო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საშუალო ხელფასიც არ აქვს იმდენი, რომ ის იყოს თვითკმარი.

„ჩვენ ქვეყანაში დამსაქმებლებს  მოუწევთ ხელფასების ზრდა, რადგან როდესაც ქვეყნიდან სამუშაო ძალის რესურსი გაედინება ადგილობრივ დონეზე აუცილებლად შეიქმნება დეფიციტი,რაც უნდა შეივსოს სხვა ქვეყნების რესურსით, რისი შესაძლებლობაც საქართველოს არ აქვს, რადგან საქართველო უცხოეთის დიდ ნაწილთან, ხელფასებით კონკურენციაში ვერ შედის." - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

გერლიანის თქმით პრობლემა ასევე არის კვალიფიციური კადრების დეფიციტიც, თუმცა ამასაც ქვეყნიდან ტვინების გადინება იწვევს.

„ქვეყნიდან კადრების გადინება და სამუშაო ძალის სიმცირე შეიძლება შეუქცევად პროცესებშიც გადაიზარდოს და ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს და ერთ-ერთი მიზეზი გახდეს კრიზისული მდგომარეობის. მოქალაქეთა რიცხოვნობა 1 კვადრატულ კილომეტრზე ისედაც მცირეა, და გრძელვადიან პერიოდში ეს დიდ პრობლემას შექმნის როგორც დემოგრაფიული, ასევე საზოგადოებრივ ეკონომიკური მიმართულებით" - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.