„სამინისტროდან დამირეკეს და მითხრეს რომ ჩვენი საკითხი საბჭოზე გავიდა და მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამიტომ, ამ ეტაპზე აქცია აღარ იქნება“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ უთხრა.
პარასკევს, 14 ივლისს 12 საათზე მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, წნორში ადგილობრივი ფერმერების მორიგი აქცია იგეგმებოდა, აღნიშნული ინფორმაცია ასოციაციის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა, „კომერსანტთან“ საუბრისას ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აქციის საჭიროება აღარ არის.
„ახლა დამირეკეს სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩვენი საკითხი საბჭოზე გავიდა და დაკმაყოფილდა.
პრინციპში ამ ეტაპზე აქციის გამართვის საჭიროება აღარც არის, თუმცა თუ ეს მერეც არ იმუშავებს მოგვიწევს კვლავ აქციის ფორმას მივმართოთ. აქციები ჩვენი თვითმიზანი არ არის, მაგრამ როდესაც ასეთ დღეში ვართ და არავინ გვისმენს და ვიძირებით, იძულებულები ვხდებით, რომ აქციის ფორმას მივმართოთ, რადგან სხვა გზას ვერ ვხედავ,“ - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნა იყო, რომ წისქვილკომბინატებს ადგილობრივი წარმოების ხორბალი 70 თეთრად ჩაებარებინათ. გარდა ამისა, მათი ისინი საფურაჟე ხორბალზე სარკისებური ბაჟის დაწესება სურდათ, რადგან შემოსული ხორბალი ადგილობრივ ფასებს აგდებდა.