2025 წლის მესამე კვარტალში, საჰაერო ტვირთების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით შემცირდა. სანაცვლოდ, გაზრდილია სახმელეთო გადაზიდვები. კერძოდ, შესრულდა 900 სატვირთო რეისი, რაც წინა წელთან შედარებით, 83%-იან მატებას ნიშნავს. მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ ჩინური მომწოდებლები უპირატესობას სწორედ სახმელეთო გადაზიდვებს ანიჭებენ.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას CAMEX Airlines-ის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე განმარტავს, რომ საავიაციო გადაზიდვებს მსგავსი რყევები სჩვევია და იმედს გამოთქვამს, რომ წლის ჭრილში ასეთი დიდი ცვლილება არ დაფიქსირდება.

„რაც შეეხება CAMEX Airlines-ს, ჩვენ კლება არ გვქონია და მუშაობას სტაბილურად ვაგრძელებთ.

ამერიკიდან და ევროპიდან შემოსული ტვირთები არასოდეს აღემატებოდა წელიწადში 10-12 ათას ტონას, დანარჩენი ყოველთვის ჩინეთის ტვირთები იყო. შესაბამისად, საქართველოში სანამ ჩინური პლატფორმებიდან ტვირთების იმპორტის ბუმი დაიწყებოდა, დაახლოებით 19-22 ათას ტონამდე ტვირთი ფიქსირდებოდა. ჩინური პლატფორმების ინტენსიურმა მოხმარებამ გამოიწვია ეს ზრდა, რაც თავად მომხმარებელზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს, ზაფხულში ნაკლები პროდუქცია შეიძინეს“, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.

CAMEX Airlines-ის ხელმძღვანელის თქმით, სახმელეთო გადაზიდვები საავიაციო ტვირთბრუნვის კონკურენტი არ არის. მეორე მხრივ, ის მიესალმება სახმელეთო გადაზიდვების ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

„არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტენდენციაა, არამედ მთლიანად ევროპა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა დამოკიდებული ჩინურ იმპორტზე. როგორც სტატისტიკაც გვაჩვენებს, მომავალ წლებშიც ეს ტენდენცია საკმაოდ გაიზრდება.

საქართველოს გადამზიდავებს რაც შეეხებათ, ჯერჯერობით მხოლოდ 15 სატვირთო ხომალდით ოპერირებენ. პოტენციალი საკმაოდ დიდია, გეოგრაფიული მდებარეობა - ხელსაყრელი. ჩვენი აქტივობა მხოლოდ და მხოლოდ საფრენი აპარატების რაოდენობით არის შეზღუდული და იმედია, უკვე მომავალ წელს ესეც გამოსწორდება“, - ამბობს გიორგი სეთურიძე.