ჩინური კორპორაცია China Railway Container Transport Corp (CRTC) აპირებს შევიდეს ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოში Middle Corridor Multimodal-ში, იუწყება EastFruit.

ჩინურმა მხარემ პირველად გამოთქვა სურვილი შეუერთდეს ერთობლივ საწარმოს Middle Corridor Multimodal-ს ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში. შემდეგ ეს გეგმები დადასტურდა VIII საერთაშორისო აბრეშუმის გზის გამოფენის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა სიანში 2024 წლის 19-დან 20 სექტემბრამდე.

„ერთობლივი საწარმო Middle Corridor Multimodal 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზამ დააფუძნა. ეს ერთობლივი საწარმო შეიქმნა შუა დერეფანში ტვირთების კოორდინაციის, ამ მარშრუტის პოპულარიზაციის, ტარიფების გამჭვირვალობის, სტაბილური სისტემის შესაქმნელად და ქვეყნებს შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ერთი ფანჯრის პრინციპით.

2024 წლის დასაწყისიდან ჩინეთის საზღვაო პორტებიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის გასწვრივ 212 საკონტეინერო ბლოკის მატარებელი გაიმგზავრა. ჯერჯერობით საუბარია ჩინეთიდან საქონლის საპილოტე კონტეინერულ გადაზიდვაზე მულტიმოდალური მარშრუტით „ჩინეთი - ევროპა“. ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტებამდე მგზავრობის საშუალო დრო 10-დან 12 დღემდეა.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში ჩინეთის რკინიგზა მალე დაიწყებს ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებას, რაც გულისხმობს ყირგიზეთსა და უზბეკეთში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას. ეს მარშრუტი შეძლებს უზრუნველყოს საქონლის მიწოდება ჩინეთიდან ყირგიზეთში, ასევე ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში და შემდგომ ევროპაში. ახალი სარკინიგზო მაგისტრალი არა მხოლოდ რეგიონების ქვეყნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ის გახდება შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით დააკავშირებს.

„ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურმა კრიზისმა მკვეთრად გაზარდა შუა დერეფნის გლობალური მნიშვნელობა. წითელ ზღვაში გადაზიდვის პრობლემებმა ალტერნატიული მარშრუტების მიმართ ინტერესი გამოიწვია. საზღვაო ტვირთების გადაზიდვის ღირებულების მკვეთრმა ზრდამ კონკურენტუნარიანი გახადა სახმელეთო და მულტიმოდალური გადაზიდვები. მათი მთავარი უპირატესობაა მოგზაურობის დროის დაზოგვა, პროგნოზირებადობა და უსაფრთხოება“, - წერს East-Fruit-ი.