ბაქოსა და ევროპაში ბაქო-სუფსის საექსპორტო მილსადენის პროექტში მსხვილი ამერიკული კომპანია Chevron-ის დაბრუნება განიხილება. ამის შესახებ Energy Intelligence Group-ის ეკონომისტმა ნავთობის ბაზრის საკითხებში, ჟულიენ მატონიემ Report-ს განუცხადა.
მისი ცნობით, მართალია, Chevron-მა გასულ წელს აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში თავისი წილი გაყიდა, თუმცა კომპანია ყაზახეთის თენგიზის საბადოდან გარკვეული მოცულობის აზერბაიჯანის გავლით მიწოდებით დაინტერესებულია.
მატონიე ამბობს, რომ Chevron, ისევე, როგორც კიდევ ერთი მსხვილი ამერიკული კომპანია, ExxonMobil აზერბაიჯანის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. ექსპერტის შეფასებით, ეს ახალი ტენდენციაა, რაც კასპიის რეგიონიდან ექსპორტის მარშრუტისთვის ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობასთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება ExxonMobil-ს, კომპანიას აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების პროექტში 6.79%-იანი წილი ეკუთვნის. მატონიეს თქმით, თუ კომპანია ამ აქტივს შეინარჩუნებს, საბადოებზე ღრმად განლაგებული გაზის მოპოვების პროექტით თავისი მარაგის გაზრდას შეძლებს.
ექსპერტი, ასევე, ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებს აძლიერებს, რისი მიზანიც 2027 წლისთვის ევროპისთვის გაზის მიწოდების 20 მლრდ კუბურ მეტრამდე გაორმაგებაა. ამასთან, აზერბაიჯანმა შაჰდენიზის რესურსების გამოყენებით გაზის ექსპორტი თურქეთის გავლით სირიაში დაიწყო, რაც წელიწადში 1.2 მლრდ კუბურ მეტრ მოცულოაბას შეადგენს.