ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დროებით დაიხურა. ამის მიზეზი  რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე, სატრანზიტო მოძრაობის მოცულობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები სახელდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლა 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, რკინიგზის ქართული მონაკვეთის დახურვის მიზეზი გენერალური კონტრაქტორის მიერ მონაკვეთის მშენებლობის ტემპის დაჩქარება და პროექტის მოკლე დროში დასრულებაა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. საქართველოს მონაკვეთზე პირველმა მატარებელმა 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი გახდა.