ავტოექსპორტმა $600 მილიონს მიაღწია. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 595.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 257.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 84.4 მლნ. აშშ დოლარით (4.3 პროცენტი).
ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 150 მილიონი დოლარის ღირებულების 11.7 ათასი მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც 135 მილიონის ღირებულების 7 ათასი ავტომობილი ექსპორტირდა, მესამე პოზიციას 127 მილიონით ყირგიზეთი იკავებს.
მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენენ უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფსაც.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 727.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 318.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 250.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.5 პროცენტი).