„6.6 მილიარდი დოლარი - ეს არის საქართველოსთვის  ისტორიული მოცულობის ინვესტიცია, ეს არის უმსხვილესი ორი პროექტი და უნდა გავცდეთ მხოლოდ იმ თემაზე საუბარს, რომ შენდება საცხოვრებელი სახლები - უმაღლესი სტანდარტის ორი კომპლექსი აშენდება, უმაღლესი სტანდარტის განთავსების ობიექტები, გონიოს ტერიტორიაზე მოეწყობა სრულიად ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელიც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, ამავდროულად, მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცეები, რომლებიც დღეს არ არის არც გონიოში, არც კრწანისში“- ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა „იმედზე“ გამართულ დებატებში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში  სახელმწიფოს ნულოვან იურიდიულ და ფინანსურ ვალდებულებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინვესტორი ვალდებულია, სრულად მოიზიდოს ის თანხა, რომელიც პროექტის განვითარებას სჭირდება და ამასთან საქართველოს ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვს.

„ჩვენ გამჭვირვალედ ვსაუბრობთ, რომ არც ერთი ფორმის გარანტია  - არც ფინანსური, არც იურიდიული ინვესტორისთვის არ მიგვიცია. დამატებით ვიტყვი,  რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რადგან სახელმწიფომ შეძლო დარჩენილიყო თანამესაკუთრედ პროექტში, მიწები არ გასხვისებულა და  არც მისი  ჩუქება მომხდარა“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ აქვს ხელშეკრულებას მინიჭებული კომერციული საიდუმლოს სტატუსი, მინისტრმა განმარტა, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს წლების განმავლობაში დაგროვილი ასობით, შეიძლება ათასობითაც ხელშეკრულება, რომელიც არ არის გასაჯაროებული და მინიჭებული აქვს კომერციული საიდუმლოების სტატუსი.

„ვფიქრობ, რომ არ არსებობს მეორე ხელშეკრულება, რომელსაც კომერციული სტატუსი აქვს დღეს და მისი იმდენი დეტალი იყოს გასაჯაროებული ხელისუფლების მხრიდან, ვიდრე ჩვენ გავასაჯაროვეთ  „იგლ ჰილსის“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

არსებობდა  ლოგიკური კითხვები, ამიტომ ღია ეთერებშიც საჯაროდ განვმარტავდით და პასუხს ვცემდით ყველა დასმულ კითხვას. დღესაც შემიძლია ყველას მოვუწოდო, რომ თუ დარჩა რაიმე კითხვა, მოგვმართეთ და მზად ვართ, პასუხი გაგცეთ, რადგან ამ პროექტში, გარდა სიკეთისა, არ არის არაფერი, რაზეც შეიძლება შფოთვა გამოვხატოთ. მიგრაციასთან არავითარი კავშირი ამ პროექტს არ აქვს - ეს არის უდიდესი პოზიტიური ეფექტის მომტანი, ახალი, ღირსეული სამუშაო ადგილების შემქმნელი პროექტი ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.