“არ წყდება პრაქტიკა, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულებს რაღაც გაუგონარ ჯარიმებს უქვითავს ხელფასიდან”, - ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა “ბიზნესპრესიუსთან” ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს ფაქტობრივად, არ არსებობს შრომითი უფლება, რომელიც საქართველოში გამოწვევას არ წარმოადგენს. მათ შორის, რაისა ლიპარტელიანის თქმით, პრობლემად რჩება, ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული საკითხები, ხელფასები, შვებულების/ბიულეტენის გამოყენების უფლებები, ასევე შრომითი უსაფრთხოება და ა.შ.

როგორც რაისა ლიპარტელიანი ამბობს, ამას დაემატა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებაც, რომელმაც ქვეყანაში სამუშაო გარემო კიდევ უფრო გააუარესა.

“პრობლემები არის ძალიან მრავალფეროვანი. დაწყებული შრომითი კონტრაქტებით (მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებს დამსაქმებელს დადონ შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან 1 თვის თავზე), დამთავრებული მთელი რიგი შრომითი უფლებებით, იქნება ეს ბიულეტენი, შვებულება, შრომის უსაფრთხოება. ასევე, ძალიან ბევრი პრობლემაა ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან მიმართებით. თუმცა, თუ დასაქმებულების კუთხიდან შევხედავთ, რა არის მათთვის ყველაზე პრობლემური, ისევ და ისევ დაბალი ანაზღაურება, რომელიც ვერ პასუხობს ადამიანების ბაზისურ საჭიროებებსაც კი. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე გვიწევს ცხოვრება, ადამიანები ძალიან ხშირად პატიობენ დამსაქმებელს უსაფრთხო გარემოს ვერ უზრუნველყოფას, ასევე შვებულებით და ბიულეტენით ვერ სარგებლობას, ვიდრე დაბალი ანაზღაურებას. საბოლოო ჯამში, ეს არის ხოლმე პროტესტის მიზეზი და ამას აღიქვამენ ყველაზე დიდ პრობლემად.

პარალელურად, არ წყდება პრაქტიკა, როდესაც დამსაქმებლები დასაქმებულებს ცალმხრივად, რაღაც გაუგონარ ჯარიმებს უქვითავენ ხელფასებიდან, რომელიც ისედაც დაბალია. ახლაც ერთ-ერთი პროტესტის მიზეზი ეს იყო, როდესაც ხელფასები დაერიცხათ, ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ხელფასები დააკლდათ. არავინ არ იცის რატომ, თითქოს მათ რაღაც ჯარიმები ჰქონდათ.

გარდა ამისა, არაჯანსაღი, დისკრიმინაციული, სტრესული გარემო ისევ გამოწვევად რჩება. პრობლემების ჩამონათვალი უამრავია, ვერ

ვიტყვით, რომ რომელიმე შრომითი უფლება საქართველოში არ არის გამოწვევა. იგივე რითეილი იქნება, ფარმაცია, მომსახურების სფერო, როდესაც ერთ ადამიანს უწევს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება, რაც მის მოვალეობაში საერთოდ არ შედის. ჩვენ ამას შრომითი უფლებების პერსპექტივიდან ვუყურებთ, მაგრამ სინამდვილეში, ეს ყველაფერზე ისახება, მათ შორის, სერვისის და მომსახურების ხარისხზეც.

ამას დაემატა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებებიც, რაც საბოლოო ჯამში, შრომით გარემოს კიდევ უფრო აუარესებს”- ამბობს რაისა ლიპარტელიანი.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი