2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2026 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.1 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.8 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (9.9 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (1.9 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.4 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაზრდილია 5.3 პროცენტით, რაც 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (5.3 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), თევზეული (1.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.1 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-2.5 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (-1.5 პროცენტი).
