უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) სანქცირებული კომპანიების ბაზაშია ჩინური კომპანია CHINA COMMUNICATIONS CONSTRUCTION COMPANY LIMITED (CCCC), რომელმაც ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს.

საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) აშშ-ს ფინანსური დაზვერვისა და აღსრულების სააგენტოა, რომელიც აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

საქართველოში აშშ-ს საელჩოც ავრცელებდა ინფორმაციას China Communications Construction Company-ზე. მათი ცნობით, CCCC მართავს პეკინის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივას, რომელიც ჰპირდება ახალ ინფრასტრუქტურას განვითარებად ქვეყნებს, მაგრამ აწვდის უხარისხო სამშენებლო პროექტებს, ბოროტად იყენებს შრომას და ზიანს აყენებს გარემოს.

„CCCC და მისი შვილობილი კომპანიები ჩართულნი არიან კორუფციაში, მტაცებლურ დაფინანსებაში, გარემოს განადგურებაში მთელ მსოფლიოში“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ 2020 წლის 26 აგვისტოს.

საელჩოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ CCCC-ის ხუთი შვილობილი კომპანია იმ ორ ათეულ კომპანიას შორისაა, რომლებსაც აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა 2020 წლის 26 აგვისტოს სანქცია დაუწესა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ფორპოსტების მშენებლობისთვის, რომლებიც არღვევენ სუვერენიტეტს და აზიანებენ გარემოს.

ამის პარალელურად, პარტია „ლელოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა განცხადება, რომ  ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს გადაიბარებს, მინიმუმ 6 ქვეყანაში შავ სიაშია.

„ეს ჩინური კონსორციუმი (CCCC) არის მულტინაციონალური საინჟინრო და სამშენებლო კომპანია, რომლის 63.8%-იან წილს ფლობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა. (აქციონერები არიან Merrill Lynch, BlackRock და JPMorgan Chase).

მათ განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობის, შრომითი ექსპლუატაციის, გარემოს დაბინძურების, კორუფციის, მოსყიდვის და ვალის მდგრადობის დარღვევის დიდი გამოცდილება აქვთ. მაგალითად:

  • 2009 წელს ფილიპინებში საგზაო პროექტის სატენდერო პროცესში თაღლითობის აღმოჩენის გამო მსოფლიო ბანკმა CCCC-ს გზებისა და ხიდების პროექტებში მონაწილეობა რვა წლით აუკრძალა.
  • ეკვადორში, CCCC-ის შვილობილმა კომპანიამ 2014 წელს გააფორმა კონტრაქტი მოწინავე ტექნოლოგიების განათლების ცენტრის აშენებაზე, თუმცა ობიექტების 80 პროცენტზე მეტი გამოუსადეგარი დარჩა, სტრუქტურული ხარვეზების გამო.
  • 2018 წელს ბანგლადეშმა CCCC-ის შვილობილი კომპანია შავ სიაში შეიყვანა საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობისთვის.
  • 2018 წელს მალაიზიის მთავრობამ შეაჩერა CCCC სარკინიგზო პროექტი კორუფციისა და overbilling-ის (ზედმეტის გადახდევინების პრაქტიკა) გამო.
  • 2018 წელს CCCC-ს შვილობილი კომპანია კენიაში ამხილეს, რომ ადგილობრივ მუშახელს ჩინელი მუშახელის ანაზღაურების მესამედს უხდიდნენ.
  • 2020 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა „კომუნისტური ჩინური სამხედრო კომპანიების“ სახელები, რომელთა სიაში CCCC იყო“, - განაცხადა კუპრაძემ.