ცენტრს მოაქვს ყველაფერი თავისთან, გროშებს ტოვებს ადგილზე, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრის უფუნქციო გაგრძელებაა, რომელსაც მხოლოდ არჩევნებზე პარტ აქტივის ორგანიზება და სუსის დავალებების შესრულება ევალება. ამიტომ არის გარიგებული მახინჯი სისტემა მეპატრონესთან, ამიტომ არის ჭიათურის ბიუჯეტი 25 მილიონი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის 80, - ამის შესახებ ეროვნული ბანაკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და ჭიათურაში მაღაროელების პროტესტს ეხმაურება.

„ჭიათურიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების მანგანუმი თითქმის საუკუნეა გადის ექსპორტზე. ნაცვლად იმისა, რომ 10 ათას მოსახლიანი ჭიათურა საქართველოს ყველაზე მოწესრიგებული, სოციალურად და ეკონომიკურად მოწინავე ქალაქი იყოს, თანამედროვე და ხელმისაწვდომი ჯანდაცვით, სკოლებით და სოციალური პროგრამებით მაღაროელებისთვის და მათი ოჯახებისთვის, რა გვაქვს?

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ბოლო 25 წლის მანძილზე 40%-ით შემცირდა (განახევრდა). მუნიციპალიტეტის 40 ათასიანი მოსახლეობიდან 11 ათასი (თითქმის ყოველი მესამე) სოციალური დახმარების მიმღებია. ხოლო ქალაქი ერთ-ერთი უღარიბესია საქართველოში.

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ცენტრს მოაქვს ყველაფერი თავისთან, გროშებს ტოვებს ადგილზე, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრის უფუნქციო გაგრძელებაა, რომელსაც მხოლოდ არჩევნებზე პარტ აქტივის ორგანიზება და სუსის დავალებების შესრულება ევალება. ამიტომ არის გარიგებული მახინჯი სისტემა მეპატრონესთან, ამიტომ არის ჭიათურის ბიუჯეტი 25 მილიონი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის 80.

ოლიგარქიის ჩანაცვლების შემდეგ, რეალური ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ჩამოყალიბდეს, რეალური უფლებებით, კონკურენციით და ფინანსების ადგილზე დატოვებით. მხოლოდ ეს გააცოცხლებს და გაამდიდრებს რეგიონებს, მხოლოდ ეს არის ევროპული გზა.

ჩემი სოლიდარობა მაღაროელებს!!!“, - წერს გიორგი ქადაგიძე.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი ორი კვირაა მიმდინარეობს. მაღაროელები ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის კუთვნილ შვებულებებს და ბიულეტენზე გასვლისას ანაზღაურების მიღებას ითხოვენ.