„ვერც კი წარმომიდგენია, რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ კურიერებს იმ კომპანიის მიმართ, რომელმაც ქვეყანაში უამრავი სამუშაო ადგილი შექმნა და უამრავ ადამიანს ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარა.  ასევე სხვა მხარეს არიან ადამიანები, რომელთაც კომპანიამ მომსახურება მიუტანა კართან,“  -  ასე გამოეხმაურა „კომერსანტთან“ საუბრისას  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი , „გირჩის“ წარმომადგენელი ალექსანდრე  რაქვიაშვილი მიწოდების სერვისის კურიერების პროტესტს. მისი  თქმით, კომპანია ამ ადამიანებს არ აიძულებს მათთან მუშაობას.

„ეს კომპანია უხდის ადამიანებს ფულს და არ აიძულებს მათთან მუშაობას, არსებობს უამრავი სხვა კონკურენტი, ბოლოს და ბოლოს ისეთი ბიზნესია, რომ ადგნენ და თვითონ შექმნან მსგავსი, თუ წარმოუდგენიათ, რომ ამაში  უკეთ ერკვევიან. ცხადია, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს მეტი ხელფასი, უკეთესი სამუშაო პირობები, მაგრამ ამისთვის არსებობს  საკონტრაქტო ურთიერთობები და მოლაპარაკებები. ძალიან ხშირად ეს არის გადაყვანილი იდეოლოგიურ ჭრილში, რომ ვითომ „ვოლტის“ ან „გლოვოს“ მფლობელს, ან მენეჯერს დიდი ხელფასი აქვს, კურიერს  კი პატარა და ამ რაღაც  შურზე არის აგებული ეს პროტესტი, რაც ჩემი აზრით მიუღებელია.


თუ „გლოვო“ ან „ვოლტი“ არღვევს კონტრაქტს , ან ერთ  კომპანიას  მეორესთან  შედარებით  უკეთესი პირობები  აქვს, პოზიციის  დაფიქსირება სრულიად  ლეგიტიმურია, მაგრამ არა ის, რომ ან „გლოვო“  ან „ვოლტი“ ცუდია. პირიქით, ამ ხალხს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ შექმნეს ეს ბიზნესი.

ბიზნესმენები, ვინც პატიოსნად  მუშაობენ, არიან ქვეყნის ფუნდამენტი და ესენი ქმნიან ქვეყანაში დოვლათს. „გლოვოს“, „ვოლტს“, „ბოლტს“ და იმ კომპანიებს, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება სრულად შეცვალეს მადლობის მეტი არაფერი ეთქმით,“ -  აღნიშნა  ალექსანდრე  რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა რომ კურიერები, შესაძლოა როგორც  ინდ.მეწარმეები ისე არიან გაფორმებულები, მაგრამ მათ აღნიშნულ კომპანიებთან აქვთ სამსახურებრივი  ურთიერთობა და აპლიკაციაში უწერიათ პირობები. მისივე თქმით, ამ ადამიანებს სავარაუდოდ სურთ, რომ მუშებად გაფორმდნენ, რომ მათზე  შრომის კოდექსი გავრცელდეს, თუმცა როგორც  რაქვიაშვილი აღნიშნავს „შრომის კოდექსი  ბოროტებაა“.

„კურიერებს სავარაუდოდ სურთ, რომ მუშებად გაფორმდნენ, რადგან მათზე შრომის  კოდექსი გავრცელდეს, ჩემი აზრით  შრომის კოდექსი არის ბოროტება და სანამ  ეს ხალხი  არ  გაიაზრებს, რომ შრომის კოდექსი  ბოროტებაა, მანამდე  არაფერი არ ეშველება ამ სიტუაციას. სწორი პოზიცია იქნებოდა, რომ ბიზნესმენების მხრიდან ფული ჩადებულიყო პიარ კამპანიებში, რომ როგორც ოდესღაც ჩვენ ქვეყანაში გაუქმდა შრომის კოდექსი, ისე  გაუქმდეს ახლაც და ეს კომუნისტური იდეოლოგიის გადმონაშთი, რასაც პროფკავშირები  ჰქვია, სამუდამოდ ჩაბარდეს წარსულს, პატიოსანი პროფკავშირები სწორედ შრომის კოდექსის გაუქმებას მოითხოვდა.

იმ კლასიკური გაგებით, რომლითაც პროფკავშირები არსებობდა და რომელიც  „ბინძურ კაპიტალიზმს“  ებრძოდა, ეს არანაკლებ ამორალური გაერთიანებაა, ვიდრე სხვადასხვა სახელმწიფო  სტრუქტურა, რომლებიც მას შემდეგ რაც ძალაუფლებას ჩაიგდებენ  ხელში, ცდილობენ, რომ ადამიანთა ვიწრო  ჯგუფის ინტერესები დაიცვან და როგორც  წესი ამ ადამიანების მუშაობა  არაეფექტურია. ხოლო, ვინც კარგად მუშაობს, იმას დაცვა არ სჭირდება, მას უნდა მეტი კონკურენცია, რომ უკეთ იმუშავოს და მეტი ფული იშოვოს.



ჩემი აზრით  სახელმწიფოს მხარდაჭერას გარყვნილი ბიზნესები ითხოვენ, ხოლო  პროფკავშირების მხარდაჭერას ცუდი მუშები, რაც  შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას, ღმერთმა დაიფაროს ნებისმიერი ბიზნესი სახელმწიფოს ხელშეწყობისგან. არც ერთ პატიოსან ბიზნესმენს სახელმწიფოს ხელშეწყობა არ დასჭირდება , სახელმწიფოს  ხელშეწყობა სჭირდება მხოლოდ იმ ბიზნესმენს, რომელსაც ბიზნესის კეთება არ  შეუძლია. თავისი არსით სახელმწიფოს ხელშეწყობა ნიშნავს იმას, რომ ვიღაც უნდა დავბეგროთ, ფული წავართვათ და ამ ბიზნესმენს დავეხმაროთ, რაც ამორალური და არასწორია“ - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.