2023 წლის ივნისის მონაცემებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით, ამონიუმის ნიტრატით, ხორბლით, სპილენძით, ფეროსილიკონით და ოქროთი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა და ექსპორტ-იმპორტის წლიური ცვლილების შესახებ მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.
2023 წლის ივნისში სპილენძის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, სპილენძის ფასი 2023 წელს შედარებით სტაბილურია და მერყეობს 8,300 აშშ დოლარიდან 9,000 აშშ დოლარამდე. ამასთან, ჩინეთის ეკონომიკის გახსნამ სპილენძის ფასის ზრდა არ გამოიწვია, რაც შეიძლება აიხსნას ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში უძრავი ქონების სექტორის შენელებით. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში სპილენძის ბაზარზე დადებითი მოლოდინებია, რადგან ეს ნედლეული მნიშვნელოვანია ელექტრული მანქანებისა და განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის.
იანვარ-მაისში საქართველოში სპილენძის იმპორტი 176 მლნ დოლარამდე, ექსპორტი კი 316 მლნ დოლარამდე შემცირდა.
2023 წლის ივნისში ჩინურ და ევროპულ ფეროსილიკონზე ფასების კლების ტენდენცია გაგრძელდა და შესაბამისად, თვიურად 6.7%-ით და 4.3%-ით შემცირდა. ფასების მოკლევადიანი ზრდა დაფიქსირდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს, თუმცა შემდგომ თვეებში შემცირების ტენდენცია გრძელდება. ამასთან, ჩინეთის ეკონომიკის გახსნას 2023 წელს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა არ მოუხდენია ფასების ზრდაზე, რადგან როგორც ჩინეთის ისე გლობალური ეკონომიკაც შენელებულია.
2023 წლის 5 თვეში ფეროშენადნობების ექსპორტი საქართველოდან წლიურად 69.7%-ით, 86 მილიონ დოლარამდე შემცირდა.