მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მოთხოვნები, საგადასახადო დავალიანებისა და რისკების მართვა, გადახდისუუნარობის შესახებ კანონის ზოგადი ასპექტები და გამოწვევები, - ეს ის საკითხებია, რომელზეც მეწარმეთა ყოველწლიურ სიმპოზიუმზე მოწვეული სპიკერები - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი იურიდიული ფირმა Colliers Georgia Legal, მმართველი პარტნიორი - ლაშა ცერცვაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი - ზურაბ ძნელაშვილი - ისაუბრებენ.
სიმპოზიუმს „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, თეა ადუაშვილი და სამართლის დოქტორი, პროფესორი. „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნინო ლიპარტია გახსნიან.
თეა ადუაშვილის ინფორმაციით, სიმპოზიუმზე იმ მნიშვნელოვან თემებს შეეხებიან, რომლის ცოდნაც მეწარმეებისთვის, ფაქტობრივად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. ღონისძიების ბოლოს კი დამსწრეებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.
„აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონით განსაზღვრული სადამფუძნებლო დოკუმენტაციის განახლების ვადა იწურება. ამიტომ, ვფიქრობთ, თითოეული მეწარმისთვის ძალიან საინტერესო იქნება საკანონმდებლო ცვლილებებისა და იმ წინააღმდეგობების დეტალურად განხილვა, რასაც, შესაძლოა, სამუშაო პროცესის დროს წააწყდნენ.
ბუნებრივია, ნებისმიერი სიახლის დანერგვის დროს თავს იჩენს პრობლემატური საკითხები და მნიშვნელოვანია, მეწარმემ იცოდეს, როგორ გადაჭრას ისინი.
ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ ისეთი სპიკერები, რომლებიც ყოველმხრივ განიხილავენ ყველა შესაძლო წინააღმდეგობას.
თავის მხრივ, მონაწილეებს ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოცდილება, რომლებსაც სპიკერები დამსწრეებს, ხოლო მონაწილეები - ერთმანეთს გაუზიარებენ. სწორედ ამიტომ გვაქვს არაფორმალური ნაწილიც, რაც ხელს შეუწყობს ერთმანეთში იდეების გაცვლას, ხოლო გადაკვეთის წერტილის არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთს შესაძლო თანამშრომლობის ასპექტებსაც. მიხარია, რომ არსებობს ინტერესი და არსებობს პერსპექტივა. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს პირველი სიმპოზიუმია, რომელიც თბილისში ტარდება. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება და პირველ ეტაპზე ადგილობრივ მეწარმეებს მოიცავს,
დროთა განმავლობაში კი საერთაშორისო ხასიათსაც მიიღებს“, - აღნიშნა თეა ადუაშვილმა.
სიმპოზიუმი 2023 წლის 23 ივნისს, სასტუმრო „ბილტმორში“ (მისამართი: რუსთაველის გამზირი 29, 10:30-16:00 სთ) გაიმართება.
ცნობისთვის, ღონისძიება ორგანიზაციების - „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ და „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება.