Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის ივლისში ადგილობრივი მოხმარება წლიურად 4.1%-ით შემცირდა, თუმცა გაიზარდა ექსპორტი, რის გამოც ჯამური მოთხოვნა უცვლელი დარჩა (+0.2% წ/წ).

„ექსპორტის ზრდა გამოიწვია თურქეთში საბითუმო ფასების ზრდამ ($c 5.9 ივლ-26 vs $c 2.9 ივნ-26) და ესკოს ბარტერმა (ექსპორტის 76.8%).

2026 წლის ივლისში ჰიდროგენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა ჰიდროლოგიური პირობების დამსახურებით. მოთხოვნა-მიწოდებას შორის სიჭარბე, წინა 2 თვის მსგავსად ივლისშიც დაფიქსირდა, რამაც გამოიწვია გენერაციის
შეზღუდვა ელექტროსისტემის მხრიდან. ჩვენი შეფასებით გენერაციის შეზღუდვა დაახლოებით 5%- ს შეადგენდა, ხოლო ბარტერის გარეშე ეს მოცულობა გაიზრდებოდა 10-15%-მდე.

ბარტერმა, ერთი მხრივ, ჭარბი ჰიდროგენერაციის ათვისებას შეუწყო ხელი, თუმცა, მეორე მხრივ, საბალანსო ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად, დაახლოებით 25%-ით შეამცირა კვტ.სთ-ზე 4.3 აშშ ცენტამდე – ნათქვამია. 

2026 წლის პირველმა შვიდმა თვემ საქართველოს ელექტროენერგეტიკის ძირითადი გამოწვევები მკაფიოდ წარმოაჩინა: 1) 2026 წლის საექსპორტო სეზონზე თურქეთში დაბალმა ფასებმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება; 2) იანვარ–აპრილში გაზრდილმა იმპორტმა, მაის–ივლისში გენერაციის შეზღუდვებმა
და შემცირებულმა ექსპორტმა სეზონური დისბალანსის პრობლემა კიდევ ერთხელ აჩვენა. არსებული დინამიკა ზრდის წყალსაცავიანი ჰესების, ქარის ელექტროსადგურების, ენერგიის დაგროვებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას.

ადგილობრივი მოხმარება ივლისში 4.1%-ით შემცირდა და 1.2 ტვტ.სთ შეადგინა. მოხმარების კლების მთავარი
მიზეზი შედარებით გრილი ზაფხულია. კლება დაფიქსირდა ყველა სეგმენტში:

• აფხაზეთის რეგიონი: -7.4% წ/წ
• პირდაპირი მომხმარებლები: -2.3% წ/წ
• საცალო მომხმარებლები: -4.1% წ/წ

მოხმარების შემცირებაში მცირე წვლილი სისტემურ გათიშვებსაც ჰქონდა. საქართველოში ივლისაგვისტოში მოხდა 3 სისტემური ავარია, რასაც მოჰყვა ელექტროენერგიის შეწყვეტა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საათის განმავლობაში. ავარიების მიზეზები ცნობილი არაა და მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი შეფასებით, ავარიების შედეგად, ივლისის თვეში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 5 გვტ.სთ-ით შემცირდა, რაც ივლისის თვის ქვეყნის ჯამური მოხმარების 0.4%-ია. მიუხედავად ივლისის კლებისა, ჯამურად, 2026 წლის 7 თვეში, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 8.5 ტვტ.სთ შეადგინა. 

შემცირებული ადგილობრივი მოხმარების და კარგი ჰიდროლოგიური პირობების დამსახურებით, მიუხედავად გაზრდილი ექსპორტისა, თბოსადგურების გენერაცია წლიურად შემცირდა. შედეგად, მოთხოვნამიწოდებას შორის სიჭარბე მაისსა და ივნისთან შედარებით ნაკლები იყო, რაც ნაკლებ გენერაციის შეზღუდვაში გამოიხატა.

2026 წლის ივლისში, ჯამური ჰიდროგენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 1.4 ტვტ.სთ შეადგინა, ჯამური მიწოდების 98.1%. აქედან, ენგურ-ვარდნილის გენერაცია წლიურად 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო სხვა ჰესების გამომუშავება შემცირდა (სხვა რეგულირებადი ჰესები -0.2% წ/წ, დერეგულირებული ჰესები -2.6% წ/წ). ქარისა და მზის გენერაცია წლიურად 2.1-ჯერ გაიზარდა და ჯამური მიწოდების 0.9% შეადგინა. ზრდა გამოიწვია ახალი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლამ (10.8 მგვტ მზე და 18.8 მგვტ ქარი). 2026 წლის ივლისში თბოსადგურების წილი ჯამურ მიწოდებაში 0.4%-მდე შემცირდა 2025 წლის ივლისის 4.0%-თან შედარებით და 0.01 ტვტ.სთ შეადგინა. 2026 წლის 7 თვეში ჰიდროგენერაცია წლიურად 5.3%- ით შემცირდა, გაიზარდა ქარისა და მზის სადგურების (+61.6% წ/წ) და თბოსადგურების (+18.6% წ/წ) გენერაცია, ხოლო იმპორტი 16.9%-ით გაიზარდა.
შედეგად, იმპორტისა და თბოგენერაციის წილი მიწოდებაში 26.5%-მდე გაიზარდა (vs 22.5% 7M25-ში)“ – ნათქვამია მიმოხილვაში.