სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3 პროცენტით ნაკლები, სულ 13.3 მლნ. ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 7.9 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 57.5 პროცენტი — ტრანზიტზე.
2025 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.8 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 24.2 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე. 2025 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 35.8 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 27.2 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო – ჯამურად 37.0 პროცენტი. 2025 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 16.2 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 9.2 პროცენტისას — ყაზახეთი, 8.4 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო – ჯამურად 66.2 პროცენტი.
2025 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 56.5 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 22.7 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9.9 პროცენტი — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.3 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (17.0 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11.0 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (6.8 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი (5.0 პროცენტი), ძირითადი ლითონები (4,7 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.7 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (35.0 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.6 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.0 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (12.1 პროცენტი).
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 1 717.9 ათასი მგზავრი, რაც 17.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში, მგზავრთბრუნვის მოცულობამ 393.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 17.7 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2025 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 1 690.2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.4 პროცენტს შეადგენს და 17.5 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 27.7 ათასი მგზავრი, რაც 2.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67.9 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32.1 პროცენტი. 2025 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.