186 ქვეყნიდან, თითოეული მოქალაქის გამოსაკვებად საკმარის სურსათს, იმპორტის გარეშე, მხოლოდ სამხრეთ ამერიკის ქვეყანა, გაიანა აწარმოებს - ამის შესახებ Nature Food-ში გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშშია საუბარი.

კვლევის ფარგლებში ავტორებმა შეისწავლეს, თითოეულ ქვეყანას რამდენად აქვს შესაძლებლობა მოქალაქეები საკვების შვიდ სხვადასხვა ჯგუფით გამოკვებოს. ესენია: ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, თევზი, ხორცი, მცენარეული პროტეინი და სახამებლით გაჯერებული საკვები.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანათა 65%-ში ხორცსა და რძის პროდუქტებს, მოსახლეობის საჭიროებებთან შედარებით, ჭარბად აწარმოებენ. გაიანა კი ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც თვითკმარია შვიდივე კატეგორიაში. შვიდიდან ექვს კატეგორიაში აწარმოებენ საკმარის პროდუქტს ჩინეთსა და ვიეტნამში. ყოველი შვიდიდან მხოლოდ ერთი ქვეყანაა ისეთი, რომელიც ხუთ ან მეტ კატეგორიაშია თვითკმარი.

გამოიკვეთა, რომ მსოფლიოში ნუტრიენტებით გაჯერებული მცენარეების დეფიციტია. კერძოდ, ქვეყნების ნახევარზე მეტში საკმარის მცენარეულ პროტეინს - ლობიოს, მუხუდოს, თხილეულსა და მარცვლეულს - ვერ აწარმოებენ.

თვითკმარობასთან ყველაზე ახლოს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები არიან, მცირე ზომის კუნძულ-სახელმწიფოები და მცირე ეკონომიკები კი, უფრო მეტად არიან საკვების იმპორტზე დამოკიდებული.

ექვსი ქვეყანა - ავღანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერაყი, მაკაო, კატარი და იემენი - თვითკმარობას შვიდიდან ვერც ერთ კატეგორიაში ვერ აღწევენ.

თვითკმარობის დაბალი მაჩვენებელი ავტომატურად უარყოფითი შედეგი არ არის - ხშირად ამას ისეთი მიზეზები განაპირობებს, როგორებიცაა ნალექების ნაკლებობა, დაბალი ხარისხის ნიადაგი და პროდუქტის მოსაყვანად ჰაერის არასტაბილური ტემპერატურა.

რაც შეეხება საქართველოს, კვლევის თანახმად, ქვეყანა მოსახლეობისთვის საკმარის პროდუქტს შვიდიდან მხოლოდ ორ კატეგორიაში აწარმოებს, ესენია: ხილი და რძის პროდუქტები.

bm.ge