“შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ექიმებზე, ექთნებზე, მშენებლებზე, შემდუღებლებზე, ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალზე. კვალიფიციური კადრის მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში კი სერიოზული დისბალამსია“ – განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ „მედიცენტრ მთავარში“.
„გვჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები. ამ კვალიფიკაციის უკან კიდევ ძალიან ბევრი რამ დგას – განათლება, გამოცდილება და ასე შემდეგ. განათლება უნდა იყოს ზუსტად იმ გამოწვევის საპასუხოდ, რაც ბაზარს სჭირდება. მაგალითად, გაცილებით მეტი იურისტია ქვეყანაში, ვიდრე მოთხოვნა. ეს ასე არ შეიძლება გაგრძელდეს“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ „ედიაცენტრ მთავარში“.
მისივე შეფასებით, დღეს ზოგიერთი პროფესია საერთოდ არ არის საჭირო.
„შეიძლება ადამიანს ეგონოს, შვილს განათლება მივეცი რომელიღაც უმაღლეს სასწავლებელში და დიპლომი ხომ აქვსო, მაგრამ ეს დიპლომი საკმარისი არ არის… ზოგადად, სასწავლო დაწესებულებაში მიღებული ცოდნა აუცილებლად უნდა იყოს პრაქტიკაში ადაპტირებული, სადაც მაღალტექნოლოგიური ხაზებია, ინოვაციებია და ასე შემდეგ“, – აღნიშნა მან „მედიაცენტრ მთავარში“.