„ოსტატი“ ძველი ავეჯის განახლებაზე უკვე 2 წელზე მეტია მუშაობს. გიორგი ისაკაძე და ნინი ზუმბულიძე ბიზნესში დასაქმებულ კიდევ 2 ადამიანთან ერთად, ამ საქმეს წარმატებით უძღვებაიან.
თუ საიდან დაიწყო „ოსტატის“, როგორც ბიზნესის ისტორია, რით არის გამორჩეული მისი ნამუშევრები და როგორ აპირებენ საკუთარი საქმის განვითარებას, ამის შესახებ გიორგი ისაკაძე „კომერსანტს“ ინტერვიუში ესაუბრება.
როგორ გაგიჩნდათ ხის ავეჯზე მუშაობის დაწყების იდეა?
ბევრი ვიდეოა ინტერნეტში, სადაც ავეჯის განახლებაზე მუშაობენ. მუდმივად ვნახულობდით ასეთ კონტენტს და ვფიქრობდით რა და როგორ შეიძლებოდა, რომ გაგვეახლებინა ჩვენს სახლში. თუმცა ეს მხოლოდ სურვილი იყო, რომელსაც ან განვახორციელებდით ან არა.
რომელი იყო პირველი ნამუშევარი?
შემთხვევით ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში შეგვხვდა პოსტი, სადაც ყიდდნენ ძველ ტუმბოს 50 ლარად. ვიყიდეთ ეს ტუმბო და მალევე გადავწყვიტეთ განახლება. სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა მასალების შოვნა და საჭირო ინფორმაციის მიღება ძალიან გაგვიჭირდა. თუნდაც კონკრეტული საღებავებზე, დამუშავების ეტაპებზე, კონკრეტულ ინფორმაციას ვერსად ვიღებდით, ყველა სხვადასხვანაირად გვიხსნიდა და ბევრი შეცდომაც დავუშვით ამის გამო, თუმცა ბოლოს ისევ ინტერნეტს მივმართეთ, წავიკითხეთ უამრავი ინფორმაცია და სრულად გავერკვიეთ დამუშავების პროცესების ყველა ეტაპში.
პირველი ნამუშევრით კმაყოფილები ვიყავით, თუმცა როგორც წესი ეს კმაყოფილება ძალიან ცოტა ხანს გრძელდება და ვიწყებთ ახალ ნამუშევარზე ფიქრს, ამ შემთხვევაში შემდეგი ნამუშევარი ავეჯის განახლება არ ყოფილა, თუმცა სოციალურ ქსელში დადების შემდეგ იმხელა გამოხმაურება მოყვა, რომ ავტომატურად დავიწყეთ შემდეგ ნამუშევარზე მუშაობა და ამის შემდეგ ფაქტობრივად არც გავჩერებულვართ.
როდის გადაწყვიტეთ საქმიანობის კომერციალიზაცია ანუ როდიდან დაიწყეთ საქმიანობა როგორც ბიზნესმა?
საქმიანობა ჯამში ორ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ დავიწყეთ. თავიდან გადავწყვიტეთ თავისუფალ დროს სარკეები გვეკეთებინა, რისთვისაც ფანერების სასურველ ფორმაზე გადასაჭრელად ვიყიდეთ ბეწვახერხი, შემდეგ მივხვდით რომ ამ სარკეებს სჭირდებოდა ჩარჩოებიც და ჯობდა თვითონვე გვეკეთებინა, ამიტომ ვიყიდეთ ცირკულარული ხერხი, შემდეგ გაკეთებულ ჩარჩოებს სჭირდებოდა ფორმები და ვიყიდეთ ფრეზი. ასე ნელ-ნელა ეტაპობრივად სულ შემთხვევით შევყევით და ვისწავლეთ ბევრ დაზგასთან თუ ხელსაწყოსთან მუშაობა.
შემდეგ დავწერეთ პროექტი და დაახლოებით 1 წლის წინ დავიწყეთ ავეჯის განახლებასთან ერთად სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების კეთება.
საქმის დასაწყებად საჭირო ფინანსები რა გზით მოიძიეთ? თუ მიიღეთ ბიზნესსესხი ან გრანტი?
პირველ ეტაპზე საკუთარ ფინანსებს ვუყრიდით თავს, ხელფასიდან ხელფასამდე ვაგროვებდით თანხებს და ძალიან ბევრი ხელსაწყო ვიყიდეთ ასე, შემდეგ დავწერეთ და გავიმარჯვეთ „აწარმოე საქართველოს“ მიკრო- და მცირე მეწარმეობის პროექტში და ამის შემდეგ გვაქვს პროფესიონალური სახელოსნო.
რა შეგიძლიათ გვითხრათ საფასო პოლიტიკაზე? რამდენად ხელმისაწვდომია ასეთი მომსახურება?
ფასები როგორც წესი ყველასთვის ხელმისაწვდომია, რადგან ბევრ ადამიანს დაუგროვდა სახლში ისეთი ავეჯი, რომელიც თანამედროვე დიზაინთან ძალიან შეუსაბამოა. ახალი, ხარისხიანი და კარგი დიზაინის ძალიან ძვირია და ხშირად მაღალი ფასის მიუხედავად ადამიანები მაინც ვერ პოულობენ ზუსტად ისეთს, როგორიც უნდათ. ჩვენთან კი ძველი ავეჯით იღებენ ზუსტად იმ შედეგს (და თითქმის ყოველთვის მოლოდინზე გაცილებით მეტ შედეგს იღებენ) როგორიც უნდათ რომ ჰქონდეთ. ალბათ ამიტომაც არის ასეთი მოთხოვნადი.
ძველი ავეჯის განახლების გარდა, როგორც ვიცით, ხისგან ამზადებთ სხვადასხვა ნივთებს?
ავეჯის განახლების გარდა ვაკეთებთ ხელნაკეთ, ხელით მოხატულ ნივთებს, როგორიც არის სანათი, სარკე, ზარდახშა, კოსმეტიკის ყუთი და ა.შ. ასევე ვმუშაობთ პერსონალიზებულ შეკვეთებზე, მომხმარებლების სურვილის მიხედვით. ფასები არსებულ ნამუშევრებზე, 55 ლარიდან - 550 ლარამდეა. ფასის მხრივ ყველაზე ხელმისაწვდომი ზარდახშებია, რომლებიც ძალიან მოსწონთ სასაჩუქრედ, ასევე ზომიდან და დიზაინიდან გამომდინარე ტურისტებს, ხოლო შედარებით მაღალფასიანია სარკე და კოსმეტიკის ყუთი, რომლის ფასიც 250 ლარიდან 550 ლარამდეა.
რომელი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი შეკვეთა?
ჩვენი ერთ-ერთი პირველი შეკვეთა იყო და დავარქვით „ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს“, რადგან როგორც იცით ინტერნეტის საშუალებით ვმუშაობთ, მომხმარებლებთან კომუნიკაციაც ინტერნეტის ან ტელეფონის საშუალებით გვაქვს, გვიგზავნიან ფოტოებს, ვიდეოებს და ა.შ კონკრეტულ გასაახლებელ ნივთებზე, შემდეგ ვუგზავნით მძღოლს მოგვაქვს და ვმუშაობთ ჩვენს სახელოსნოში.
ეს შეკვეთაც ასე იყო, საკმაოდ დაზიანებული თუმცა ფოტოებში გაცილებით მარტივად დასამუშავებლად გამოიყურებოდა, მაგრამ რეალურად მოტანის შემდეგ აღმოვჩნდით ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბუფეტის წინაშე, რომელიც ნამდვილ გამოწვევად იქცა, ბევრი ვიფიქრეთ, ვინერვიულეთ, ვიმუშავეთ და მივედით იმ შედეგამდე რომლითაც ჩვენც და მომხმარებელიც აღფრთოვანებულები დავრჩით. მაგრამ შევცდით ერთ რამეში, რომ შემდგომში „ამაზე უარესი“ კიდევ ბევრი შეკვეთა აღმოჩნდა.
მომავალში როგორ ხედავთ ბიზნესის განვითარებას?
ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ხელნაკეთ ნივთებთან და ავეჯის განახლებასთან ერთად, ვიწყებთ მუშაობას ავეჯის წარმოებაზე, ამისთვის ვეძებთ ახალ თანამშრომლებს. გვინდა რომ ჩვენი წარმოებული ავეჯი იყოს ექსკლუზიური და ამასთანავე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.