ველნეს-კურპორტ „განთიადს" ოჯახური ისტორია აქვს. თავის დროზე ის ბავშვთა სანატორიუმი იყო, რომელიც 1973 წელს გაიხსნა. სანატორიუმში, რისკჯგუფისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვებისთვის, 7 კლასამდე სკოლა ფუნქციონირებდა. როგორც „კომერსანტს“ სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა დიანა ჩომახაშვილმა უთხრა, სანატორიუმის აღდგენის პერიოდი დაახლოებით 4 წლის წინ დაიწყო. რეაბილიტაცია 3 წელი გაგრძელდა. რის შემდეგაც, ის თანამედროვე ველნეს-კურორტად იქცა და დღეს „განთიადი" 70-ნომრიანი სასტუმროა თავისი ტყე-პარკით. სასტუმროში სტანდარტული ფასი, ორ კაცზე სამჯერადი კვებით, 200-დან 280 ლარამდეა, მაგრამ მაღალ სეზონზე, როგორიცაა ივლისი-აგვისტო - 20%-ით, 260-დან 350-მდე იზრდება.

სასტუმროს აღდგენა და რეაბილიტაცია ნაწილობრივ „აწარმოე საქართველოს“ 3 მლნ-ნი გრანტით განხორციელდა, თუმცა, როგორც დიანა ჩომახაშვილი გვიყვება მაქსიმალურად გამოიყენეს არსებული ბაზა, ძველი ავეჯი ახლად გარდაქმნეს და შეეცადნენ, რომ ძველი სანატორიუმის იერსახე შეძლებისდაგვარად შეენარჩუნებინათ.

დიანა ჩომახაშვილის თქმით, ჰაერზე ყოფნას არ აქვს სეზონი და ჰყავთ დამსვენებლები, რომლებიც წელიწადში 3-4-ჯერ ჩამოდიან. 

„ცემში დამტვერვის პერიოდი მაისის შუა რიცხებში იწყება და ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, ჰაერზე ყოფნას არ აქვს სეზონი და გვყავს დამსვენებლები, რომლებიც წელიწადში 3-4-ჯერ ჩამოდიან. ამ ეტაპზე, ივლისი და აგვისტო პრაქტიკულად დაჯავშნილია.

დამტვერვის პერიოდი მაისის შუა რიცხებში იწყება და 4 კვირამდე გრძელდება იმიტომ, რომ მორიგეობით ყვავის ნაძვი და ფიჭვი და ითვლება, რომ დამტვერვას იმუნური სისტემისა და ზედა სასუნთქი გზების გაჯანსაღებისთვის დადებითი გავლენა აქვს. ამას გარდა, ცემი საშუალო კლიმატურ მთის კურორტებს მიეკუთვნება და საინტერესოა იმ მხრივაც, რომ 1120 მეტრზე მდებარეობს, მაშინ როცა ბაკურიანი 1700 მეტრზეა და ეს უფრო რბილ კლიმატს განაპირობებს“ - აცხადებს დიანა ჩომახაშვილი.

როგორც „განთიადის“ გენერალური მენეჯერი აცხადებს, „განთიადი“ საშუალო სეგმენტის ზედა რგოლზე, ძირითადად ოჯახებზეა გათვლილი, სტუმრების 90% ქართველია, თუმცა, სამომავლოდ უცხოელებზე პოზიციონირებასაც გეგმავენ. მანამდე კი, პედიატრის მომსახურებასთან ერთად, სხვა სამედიცინო სერვისების დანერგვა სურთ.

„აქტიურად ვნერგავთ სამედიცინო სერვისებს. ჯერჯერობით, ჩვენი ვიზიტორებისთვის, კვირაში 2-ჯერ პედიატრის უფასო მომსახურება გვაქვს. ნელ-ნელა სამედიცინო ნაწილი კიდევ გაძლიერდება - პედიატრი და კლიმატოთერაპევტი გვეყოლება, რომელიც რეკომენდაციებს გასწევს - როგორ ვისარგებლოთ ამ კლიმატით ისე, რომ მაქსიმალურად სასარგებლო იყოს. გვექნება ისეთი პროცედურები - როგორიცაა ინჰალაციები და ჰაერის აბაზანები, რომელიც მზესთან ერთად გამაჯანსაღებელ ეფექტს იძლევა. გარდა ამისა, სიმაღლის გამო ჩვენთან ძალიან დაბალი რადიაციაა. გვექნება ფიზიოთერაპიული პროცედურებიც. ეს ყველაფერი ერთად, თავის დროზე, სამკურნალო მიზნებისთვის იყო გამოყენებული და ვფიქრობთ, რომ დავაბრუნოთ და აღვადგინოთ.“ - აცხადებს დიანა ჩომახაშვილი.

სასტუმროს გენერალური მენეჯერი გვიყვება, რომ „განთიადში“ სამედიცინო მიმართულების გარდა, სარესტორნო მიმართულების განვითარებაც იგეგმება.

„ძალიან კარგი მზარეულების ჯგუფი გვყავს და ვფიქრობთ, რომ შევქმნათ ისეთი ადგილი, რომლითაც არა მხოლოდ ჩვენი ვიზიტორები ისარგებლებენ, არამედ სტუმრები გარედანაც შემოვლენ. ამას გარდა, საკონფერენციო და ჯგუფური მომსახურებაც გვინდა შევთავაზოთ მომხმარებელს, რადგან Team Building-ის კუთხითაც ჩვენს ეზოში კარგი შესაძლებლობებია,“ - აცხადებს დიანა ჩომახაშვილი.

ველნეს-სასტუმროში აქცენტს ადგილობრივ კადრებზე აკეთებენ და 60-მდე თანამშრომელი ადგილობრივი ჰყავთ დასაქმებული. მთავარი გამოწვევა კი ის არის, რომ ველნეს-სასტუმრო 4 სეზონის კურორტი გახდეს და დატვირთულობა დაბალი სეზონებსა და დღესასწაულებზეც გაიზარდოს.