ვალუტის კურსზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებელია, გვესმოდეს, რომ ის ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.
ეროვნული ვალუტის კურსი გავლენას ახდენს ვაჭრობაზე, ინფლაციაზე, ინვესტიციებზე და მთლიანად, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ამიტომ, მთავრობები და ეროვნული ბანკები მუდმივად აკვირდებიან და მართავენ ვალუტების გაცვლით კურსებს, რათა ხელი შეუწყონ სტაბილურობას.
სტაბილური ვალუტა ქვეყანაში განაპირობებს სტაბილურ ფასებს, ეს კი ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანია. ვალუტის სტაბილურობა გადამწყვეტი ფაქტორია ბიზნესების ეფექტურად მუშაობისთვის, წინსვლისთვის და ინვესტიციების განხორციელებისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ვერ ახერხებს კურსის სტაბილიზაციას, იწყება ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ამიტომ, ინფლაციისა და ეკონომიკური სტაბილურობის გასაკონტროლებლად ცენტრალური ბანკები იყენებენ საპროცენტო განაკვეთებს, რაც გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე.
ყველა ქვეყანაში არსებობს სავალუტო რეზერვები, რომელსაც ეროვნული ბანკები ფლობენ. ქვეყნის სავალუტო რეზერვების დონეს გავლენის მოხდენა შეუძლია ვალუტის სტაბილიზაციის უნარზე. ამიტომ, არასტაბილურობის დროს, ეროვნული ბანკი ვალუტის კურსის მხარდასაჭერად რეზერვებს იყენებს.
რაში მდგომარეობს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა
ეროვნული ბანკი, ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს. ამ პროცესში მთავრობები არ ერთვებიან და ცენტრალურ ბანკებს სრული დამოუკიდებლობა აქვთ.
რას გულისხმობს ფასების სტაბილურობა? ბანკების მიერ ინფლაციის დაბალ და ზომიერ დონეზე შენარჩუნებას, რაც მონეტარული პოლიტიკით მიიღწევა.
მაგალითის სახით თუ განვიხილავთ, საქართველოში ოპტიმალური ინფლაციის დონედ 3% მიიჩნევა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ეს 3%-იანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წინასწარ აქვს განსაზღვრული.
მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია რეფინანსირების განაკვეთი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საპროცენტო განაკვეთის, საკრედიტო მოლოდინებისა და გაცვლითი კურსის არხით აისახება ეკონომიკაზე.
თუ პროგნოზირებული ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, ეროვნულ ბანკს შეუძლია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთს გაზრდა, რაც შემდეგ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს გადაეცემა:
- როცა საპროცენტო განაკვეთი მაღალია, სესხებზე მოთხოვნა მცირდება და ამ არხით ერთობლივი მოთხოვნაც იზღუდება. დაბალი მოთხოვნა კი ინფლაციას ამცირებს.
- დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში სესხებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ერთობლივ მოთხოვნას ასტიმულირებს.
- მაღალი ერთობლივი მოთხოვნის პირობებში, ფასები იზრდება და ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება.
ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობები და ცენტრალური ბანკები აკვირდებიან და მართავენ ვალუტების გაცვლით კურსებს, რომ ხელი შეუწყონ სტაბილურობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.