სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში განქორწინების 13 520 შემთხვევა აღირიცხა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა და 7 643 შეადგინა, თუმცა აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული ქორწინების გაუქმების მზარდი ტენდენციაა.
საგანგაშო მაჩვენებელი - ასე აფასებს განქორწინების სტატისტიკას ,,კომერსანტთან“ საუბარში იურისტი სესილი ქადარია.
,,ბოლო 7 წლის განმავლობაში განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2024 წელს დაფიქსირდა. 13 000-ს გასცდა. ეს ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობ საგანგაშოც.’’- აცხადებს იურისტი.
განქორწინების მზარდ მაჩვენებელს ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად სესილი ქადარია ოფიციალურად რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის სიმარტივეს ასახელებს.
,,ჩვენი კანონმდებლობით თუ წყვილში ორივე მხარე თანხმობას განაცხადებს განქორწინებაზე, მიუხედავად იმისა ჰყავთ თუ არა შვილები, მათ შეუძლიათ მივიდნენ სამოქალაქო რეესტრში და გააწერონ ხელი. ამას სჭირდება რამდენიმე დღე. დაახლოებით, რომ გითხრათ 5 დღეში ხდება ქორწინების შეწყვეტა. განქორწინების სწრაფი პროცედურა შესაძლებელია, იყოს მაპროვოცირებელი. მოცდის პერიოდი ძალიან დაეხმარებოდა წყვილებს, თუნდაც სიბრაზის გასვლის შემდეგ გადაეხედათ გადაწყვეტილებისთვის. თუმცა, სიმარტივესაც ჰყავს თავისი მხარდამჭერები.’’- აცხადებს სესილი ქადარია.
იურისტი განმარტავს, რომ ევროპულ ქვეყნებში განსხვავებული პრაქტიკა მოქმედებს. მას გერმანიის მაგალითი მოჰყავს, სადაც ქორწინების შეწყვეტის გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. განქორწინებისთვის არსებობს წინაპირობა. წყვილმა განცალკევებით მინიმუმ ერთი წელი უნდა იცხოვროს. სესილი ქადარია განმარტავს, რომ ეს მექანიზმი მეუღლეებს მიღებული გადაწყვეტილების სისწორის დადგენაში ეხმარებათ.
,,არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი ნორმა, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ხდება განქორწინება. უმეტეს ევროპულ ქვეყნებში სასამართლო განიხილავს განქორწინების საკითხს. მაგალითად, გერმანიაში ერთი წელი უნდა იყოს გასული წყვილის ცალკე ცხოვრებიდან, რომ მიმართონ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ წყვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ ერთად ცხოვრების ყველა რესურსი ამოწურეს. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი და რეგისტრირებული ქორწინება არის ერთგვარი სიძლიერე სახელმწიფოსი, ვფიქრობ რომ ერთ დღეში არ უნდა ხდებოდეს ქორწინების შეწყვეტა. წყვილს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, იმისთვის, რომ ცხელ გულზე არ მიიღონ გადაწყვეტილება. თან მით უმეტეს ჩვენ კავკასიელები ემოციური ხალხი ვართ. მყოლია კლიენტებიც, რომლებმაც გააწერეს ხელი და შემდეგ ძალიან ინანეს. როცა წყვილს ჰყავს შვილები უფრო დიდი მოცდის პერიოდი უნდა იყოს.’’- აცხადებს იურისტი ,,კომერსანტთან“ საუბარში.
სესილი ქადარია მიიჩნევს, რომ განქორწინების პროცედურის გართულება ფიქციური ქორწინების რაოდენობასაც შეამცირებს, რადგან ორივე მხარე კარგად დაფიქრდება, რამდენად უღირთ შემდეგ ოფიციალური ქორწინების გაუქმების რთული პროცედურების გავლა.
,,ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირად ფიქსირდებოდა ფიქციური ქორწინება, რაც კანონმდებლობით დასჯადია, თუმცა გვხვდება მსგავსი შემთხვევები. განქორწინებისთვის ოდნავ უფრო მეტი დროის მიცემით შეიძლებოდა ფიქციური ქორწინებების რაოდენობაც შეგვემცირებინა. როდესაც ადამიანი გააანალიზებს, რომ სამართლებრივი პროცედურები არის გამკაცრებული, თუნდაც განქორწინება ვერ მოხდება მაგალითად 5 თვეზე ნაკლებ დროში, შეიძლება დაფიქრდეს, რამდენად უღირს ფიქციური ქორწინება.’’- აცხადებს სესილი ქადარია.
იურისტი მიიჩნევს, რომ განქორწინებამდე საჭიროა წყვილს სავალდებულო მედიაციის გავლა უწევდეს. მედიატორები არიან ლიცენზირებული პირები, რომლებიც წყვილებს მიღებული გადაწყვეტილების სისწორის დადგენაში ეხმარებიან. ისინი აფასებენ, რამდენად შესაძლებელია ოჯახური თანაცხოვრების გაგრძელება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მოსამართლეს საშუალებას აძლევს, წყვილის თანხმობის გარეშე საქმე მედიატორს გადასცეს.
,,ჩვენს ქვეყანაში არსებობს სასამართლო მედიაცია და ზოგადად, მედიაციის ინსტიტუტის მომხრე ვარ. მედიატორები არიან ლიცენზირებული პირები. საოჯახო საქმეებშიც არსებობს სავალდებულო მედიაციის ინსტიტუტი, რა დროსაც მოსამართლეს წყვილის თანხმობის გარეშე შეუძლია გადასცეს საქმე მედიატორს. მე ვიცი, რომ სამოქალაქო რეესტრი თანამშრომლობს მედიატორთა ასოციაციასთან. ვისურვებდი, რომ თუნდაც რამდენიმე ვიზიტი, გასაუბრება იყოს მედიატორთან განქორწინებამდე. შემდეგ, თუ მედიატორი დაადასტურებს, რომ არანაირ შეთანხმებას აზრი არ აქვს და წყვილს ნამდვილად სურს განქორწინება და სახეზე არ გვაქვს წყენა და სიბრაზე და მსგავსი მოტივები, 2 ან 3 თვიანი ან შესაძლებელია 6 თვიანი მოცდის პერიოდის შემდეგ მიმეღო განქორწინების გადაწყვეტილება. სავალდებულო მედიაციას დავნიშნავდი წყვილებისთვის. კანონმდებლობაში გვიწერია, რომ მოსამართლეს შეუძლია საოჯახო საქმე პირდაპირ მედიატორს გადასცეს.’’- აცხადებს სესილი ქადარია.