გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2024 წელს 11%-ით შემცირდა და 1.493 ტრილიონი დოლარი შეადგინა, წინა წლის 1.673 ტრილიონ დოლართან შედარებით, – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიმოხილვაში.
„2024 წელს საინვესტიციო ლანდშაფტი ჩამოყალიბდა გეოპოლიტიკური დაძაბულობის, ვაჭრობის ფრაგმენტაციისა და ინდუსტრიულ პოლიტიკაში კონკურენციის ზრდის შედეგად. ეს დინამიკა, გაზრდილ ფინანსურ რისკთან და გაურკვევლობასთან ერთად, გლობალურ საინვესტიციო რუკებს ცვლის და ინვესტორების გრძელვადიან ნდობას ძირს უთხრის“, - ნათქვამია ანგარიშში.
ტრანსნაციონალური კომპანიები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას მოკლევადიან რისკების მართვას გრძელვადიან სტრატეგიებთან შედარებით, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოების, მიწოდების ჯაჭვის რეკონფიგურაციისა და სავაჭრო პოლიტიკის ცვლილების მიმართ მგრძნობიარე სექტორებში.
გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლება დაფიქსირდა განვითარებულ ქვეყნებში (-22%, 626 მილიარდ დოლარამდე), განსაკუთრებით ევროპაში (-58%, 182 მილიარდ დოლარამდე). კლება დაფიქსირდა ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში, მათ შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში გერმანიაში (-89%), ესპანეთში (-39%), იტალიაში (-24%) და საფრანგეთში (-20%).
ამავდროულად, ჩრდილოეთ ამერიკაში ინვესტიციები 23%-ით გაიზარდა და 343 მილიარდ დოლარს მიაღწია, განსაკუთრებით აშშ-ის ნახევარგამტარების ინდუსტრიაში (+20%) განხორციელებული მასშტაბური პროექტების წყალობით.
განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა და 867 მილიარდ დოლარს მიაღწია.
აფრიკაში ინვესტიციების რეკორდული 75%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ეგვიპტის მეგაინფრასტრუქტურული პროექტის შედეგი იყო. ნაშრომში აღნიშნულია, რომ ამის გარეშეც კი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 12%-ით გაიზარდა.