„საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმები ადგილობრივ ბიზნესთან მიმართებით თანაბარ პირობებში უნდა ჩადგნენ“, - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „საქმე“ Tax&Legal Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ძნელაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, როდესაც საქართველოში ასეთი დიდი მოცულობის იმპორტი ხორციელდება, ეს რეალურად არის ორგანიზებული პროცესი, რასაც შესაბამისი მიდგომა და დაბეგვრის მექანიზმის შემუშავება სჭირდება.

„საუბარია იმაზე, რომ თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ ადგილობრივ ბიზნესთან მიმართებით საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმები. როდესაც საქართველოში ახორციელებ ასეთი დიდი მოცულობის იმპორტს, ეს რეალურად არის ორგანიზებული იმპორტი.

ეს აღარ არის უბრალოდ საერთაშორისო ვაჭრობის პლატფორმა, რომელიც მყიდველს და გამყიდველს ერთმანეთთან აკავშირებს - ის მთლიანად ორგანიზებას უწევს ამ პროცესს.

თავის საიტზე ათავსებს პროდუქციას, მერე რეკლამასა და წამახალისებელ გათამაშებებს გთავაზობს, ჩამოაქვს საქართველოში, სახლამდე ტრანსპორტირებას ახორციელებს და თანხასაც თვითონ იღებს.

ონლაინ ვაჭრობის პლატფორმები მთლიან ორგანიზებას უკეთებენ ვაჭრობის ამ პროცესს და შესაბამისად, ისინი არიან ორგანიზებული იმპორტიორები და მათ უნდა მივუდგეთ ისე , როგორც ორგანიზებულ იმპორტიორს.

როგორც საქართველოში ადგილობრივი მეწარმე განახორციელებდა იმპორტს და დაიბეგრებოდა, ზუსტად იგივე სტანდარტი უნდა გავავრცელოთ ასეთი პლატფორმების მიმართაც. ეს არის საერთაშორისო აპრობირებული პრაქტიკა. ამ გზით წავიდა ევროკავშირი, ამ გზით მიდის ამერიკა და თურქეთიც“, - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.

მისივე თქმით, არსებული საგადასახადო შეღავათები შიდა ბაზარზე მძიმე ვითარებას ქმნის და ადგილობრივ სექტორს პირდაპირ აზარალებს.

„ეს შეღავათები რეალურად უკვე ყველაფერს აფუჭებს, იმიტომ, რომ მთლიანად ანგრევს კონკურენტულ ბაზარს, ეს იწვევს ადგილობრივი ბიზნესის შეზღუდვას, დაკეტვას, კადრების შემცირებას, გაკოტრებას და უამრავ პრობლემას.

ევროკავშირს აქვს უკვე ეს პრაქტიკა. თვითონ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმას უწესებენ ადმინისტრირების ვალდებულებას. სადაც ხდება შეძენა, საქართველოში გამოგზავნის მიზნით, სწორედ ეს პლატფორმები იქნებიან ვალდებული, რომ განახორციელონ აღნიშნული საქონლის იმპორტის დაბეგვრა. შესაბამისად, ტვირთი მომხმარებელზე არ გადავა“, - განმარტავს იურისტი.

წამყვანის კითხვის საპასუხოდ, გაუძვირდება თუ არა მომხმარებელს ამ გზით პროდუქცია, ძნელაშვილი აცხადებს, რომ ფასის მატების მიუხედავად, სახელმწიფომ ადგილობრივი ბიზნესის ინტერესები უნდა დაიცვას.

„გაუძვირდება, მაგრამ თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ. როგორ შეიძლება, რომ მთელი საქართველო გადავიდეთ დაუბეგრავი იმპორტის შეძენაზე. ადგილობრივმა ბიზნესმა რა გააკეთოს? დაიხუროს ბიზნესი და მთლიანად დამოკიდებული გავხდეთ იმპორტზე? შემდეგ ეს გადასახადები ვინ უნდა გადაიხადოს, ბიუჯეტი ვინ უნდა შეავსოს?!“ - აღნიშნა ზურაბ ძნელაშვილმა გადაცემაში „საქმე“.

შეგახსენებთ, ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ იაფ ამანათებზე დამატებით გადასახადს აწესებს. კერძოდ, როგორც ცნობილია, 1-ლი ივლისიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ევროპის ქვეყნებში, 150 ევროს ან ნაკლები ღირებულების გასაყიდ ნივთებს 3-ევროიანი საბაჟო გადასახადი დაეკისრება.

www.bpn.ge