ფუტკრის პარაზიტი ტროპილელაფსოზის ტკიპა გავრცელების არეალს ზრდის. დაავადება უკვე დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ფუტკრის პირველი დაინფიცირების შემთხვევა 2024 წლის გაზაფხულზე გამოვლინდა, თუმცა ,,საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი’’ აცხადებს, რომ ტკიპა ქვეყანაში უფრო ადრე შემოვიდა. ალეკო პაპავა ამბობს, რომ დაავადებას ფუტკრების ოჯახი დაღუპვამდე მიჰყავს. ამ დროისთვის ფუტკრების სიკვდილიანობა 10-დან 15%-მდე მერყეობს. მისივე თქმით, დაავადების გავრცელების შეჩერება შეუძლებელია, რასაც სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ადასტურებს.  

,,ჩვენ დავაფიქსირეთ 2024 წლის გაზაფხულზე, თუმცა ვვარაუდობთ, რომ უფრო ადრე იყო შემოსული საქართველოში. 2023 წელს. შემოვიდა რუსეთიდან აფხაზეთის გავლით. უკვე გავრცელებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ასევე გურიასა და იმერეთში. გავრცელების არეალს აფართოებს. საერთოდ მისი შეჩერება ალბათ შეუძლებელია. დაავადება მოდის აზიიდან, ტროპიკული ქვეყნებიდან და ვერცერთმა ქვეყანამ ვერ გააჩერა. გავრცელდება ისევე და გაივლის იგივე გზას, რასაც გადის ვაროა. ესეც ფუტკრის პარაზიტული დაავადებაა. ორივე კტიპა ავრცელებს ვირუსებს, რომელიც მომაკვდინებელია ფუტკრისათვის. ამცირებს მათ სიცოცხლისუნარიანობას, არაჯანმრთელი თაობა გამოდის. იმის თქმა, რომ ჩვენ ამ დაავადებას გავაჩერებთ, მოვსპობთ და ა.შ. ეს იქნება თავიდანვე არასწორი მიმართულება. რადგან თავის დროზე ავსტრალიამ (რომელსაც მეტი სახსრები და შესაძლებლობები გააჩნია) ბუფერული ზონები გააკეთა და წვავდა დაავადებული ფუტკრის ოჯახებს, მაგრამ ვერ გააჩერა და ისიც გადავიდა მეფუტკრეების სწავლებაზე. აშშ-ის მონაცემი რომ ავიღოთ ფუტკრის ოჯახების სიკვდილიანობა 60% და ზოგან მეტი არის დაფიქსირებული. საქართველოში ვართ დაახლოებით 10-15%-ის ზღვარზე. თუმცა, ტროპილელაფსოზი სადაც იყო და მეფუტკრეებმა ან დამალეს ან არ დაგვიჯერეს იქ დაღუპვის მაჩვენებელი მეტი, 60-65%-ია. ზოგან შეიძლება 100%-იც იყოს.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.

,,საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას” დაავადების მართვისა და ტკიპის რაოდენობის კონტროლის მექანიზმი უკვე შემუშავებული აქვს. მეთოდი მეფუტკრეთა ნაწილმა შარშან უკვე გამოიყენა. ალეკო პაპავა ამბობს, რომ პროცესში მხოლოდ პრეპარატების გამოყენება საკმარისი არ იქნება და მეფუტკრეებმა ოჯახების გამრავლებას უნდა გააჩერონ, რადგან ტკიპა ფუტკრების ახალი თაობით იკვებება. 10-დღიანი შიმშილის შემთხვევაში კი პარაზიტი სრულიად ნადგურდება.  

,,ჩვენ მოგვიწევს ამ ტკიპის კონტროლის მექანიზმების შემუშავება. გვაქვს მონახაზები, რომელიც შარშან იმ საფუტკრეებში დავტესტეთ, სადაც დაავადება გვხვდებოდა. ვინც დაგვიჯერა, მათი ფუტკრები გადარჩნენ, ზამთარიც გადაიტანეს და გაზაფხულს ხვდებიან ჯანმრთელები. ამ მეფუტკრეებმა ისწავლეს ამ დაავადების მართვა ანუ ფუტკრის ოჯახებში პარაზიტის რაოდენობის მართვა. ის არ მიჰყავთ კრიტიკულ ნიშნულამდე, რომ ფუტკრის ოჯახი დაღუპვამდე მივიდეს. მარტო პრეპარატებზე არ უნდა ვიყოთ დაყრდნობილი. აუცილებელია ზოოტექნიკური მეთოდების ჩართვაც, რაც გულისხმობს უბარტყო პერიოდის შექმნას. ეს უკვე მეფუტკრის პრაქტიკაზე და ცოდნაზეა დამოკიდებული თუ რომელ მეთოდს გამოიყენებს. ტკიპები 10 დღეში უბარტყო პერიოდში შიმშილით სრულიად კვდებიან, რადგან იკვებებიან ფუტკრის ახალი თაობით ანუ ბარტყებით. ზრდასრული ფუტკრით კვებას ვერ ახერხებენ.’’- განმარტავს ალეკო პაპავა.

,,საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი’’ აცხადებს, რომ საჭიროა მეფუტკრეების დროულად ინფორმირება. თუმცა ინფორმაციის გავრცელებას ის ფაქტი აფერხებს, რომ მეფუტკრეთა ნაწილს რეგიონებში ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ. მათი ნაწილი კი ტრენინგებში არ ერთვება. ალეკო პაპავას შეფასებით, ყველაზე მეტად სწორედ ის მეფუტკრეები დაზარალდებიან, რომლებისთვისაც თაფლის წარმოება შემოსავლის ძირითად წყაროს არ წარმოადგენს. ,,საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი’’ აცხადებს, რომ მეფუტკრეების ინფორმირების პროცესში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს, რათა რეგიონებში შეხვედრები გაიმართოს. პროცესში საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობა.

,,არიან მეფუტკრეები, რომლებიც არც ტრენინგებს ესწრებიან და არც ინტერნეტზე აქვთ წვდომა. ან ამ მიმართულებით არ აკვირდებიან მოვლენებს. ეს არიან მეფუტკრეები, რომლებსაც ჰყავთ ათამდე ფუტკრის ოჯახი ალბათ. მათთვის ეს არ არის შემოსავლის ძირითადი წყარო. შესაბამისად, ამ მეფუტკრეებს უფრო მეტი ზარალი ემუქრებათ, რადგან მათ ინფორმაცია არ აქვთ ამ დაავადების გავრცელების შესახებ. დაგვჭირდება სახელმწიფოს ჩართულობა. როგორც განვითარების სააგენტოს, საკონსულტაციო სამსახურების, ასევე ადგილობრივი მერიების, მუნიციპალიტეტების, სოფლის რწმუნებულების, რომ მეფუტკრეები შევკრიბოთ და ჩვენ მათ ინფორმაცია გადავცეთ, რა მეთოდებით ებრძოლონ ამ დაავადებას. ვერ ვიტყვი, რომ სრულად მართვადია პროცესი, რადგან ყველა მეფუტკრამდე ინფორმაცია მაინც არ არის მისული. აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტში მეფუტკრეების ინფორმირება მოხდეს ამ დაავადებასთან დაკავშირებით და ჩაუტარდეთ ტრენინგები.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.

ტროპილელაფსოზის ტკიპა საქართველოში მანამდე გავრცელებული ვაროას პარაზიტისგან განსხვავებით ფუტკრების დახოცვას უფრო მოკლე პერიოდში ახერხებს. თუ ვაროას შეუძლია ფუტკრის ოჯახები დაღუპვამდე სეზონის ბოლოს მიიყვანოს, ტროპილელაფსოზს ფუტკრის ოჯახები დაღუპვამდე მიიყვანოს 60 დღეში შეუძლია. ალეკო პაპავა ამბობს, რომ ამ ფაქტის გათვალისწინებით მეფუტკრემ ყოველთვიურად უნდა ჩაატაროს მონიტორინგი, ხომ არ გამოჩნდა მის საფუტკრეში პარაზიტი.