„იბერკომპანის“ გენერალური დირექტორის ლევან დიასამიძის შეფასებით, დღევანდელი მოცემულობით უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისის დაწყებას არცერთი პარამეტრი არ მიანიშნებს. დიასამიძე ფიქრობს, რომ ბაზარზე ვითარება ჯანსაღია, საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან სექტორის დაკრედიტების შენელება კი დროებითი პროცესია, რომელიც სამომავლოდ ჭარბი მიწოდების საშიშროებას გამორიცხავს.
„ჩვენს კომპანიაში სიტუაცია არის ის, რომ თებერვალში იყო მცირედი კლება, რაც გამოწვეულია ფასის ზრდით. იმის გამო, რომ მშენებლობის პროგრესი სწრაფად მიდის, გავზარდეთ ფასები და შესაძლოა ახსნა იყოს ეს, საუბარია კონკრეტულ ერთ პროექტზე.
სიტყვა კრიზისს ხშირად ვახსენებთ და არის ძალიან ფაქიზი სახმარი ბიზნესთან, მით უმეტეს დეველოპერებთან. ბიზნესში მნიშვნელოვანია მოლოდინები, რომელსაც ვქმნით და ეს მოლოდინები სწორად უნდა შევქმნათ. მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ფაქტორებზე და სწორად უნდა ვიმსჯელოთ. დღევანდელი მოცემულობით, [უძრავი ქონების სექტორში] არცერთი პარამეტრი რაიმე ტიპის კრიზისის დაწყებას არ მიანიშნებს. საუბარია ეკონომიკურ ზრდაზე, ექსპორტ-იმპორტის სალდოზე და სხვა მაჩვენებლებზე. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ რაიმე ტიპის კრიზისზე საუბარი არ არის. პოლიტიკიდან გამომდინარე შეინიშნება ბანკების მხრიდან სიფრთხილე, 16 წელი გავატარე ბანკებში და ვიცი როგორ ვიღებდით გადაწყვეტილებებს, როდესაც სხვის ფულს მართავ ძალიან ფრთხილი უნდა იყო და ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა ამ ეტაპზე, თუმცა ვფიქრობ, რომ დაფინანსება გაგრძელდება და ის მოლოდინები რაც გვაქვს, გამართლდება.
არ შეიძლება ზედაპირულად ვისაუბროთ და კონკრეტიკა არ შევიტანოთ პარამეტრებში, რომელიც ქვეყანას გააჩნია და ვთქვათ, რომ დარგი პრობლემაშია იმიტომ, რომ ბანკმა რიგი გადაწყვეტილებები მიიღო. უამრავი ფაქტორია აქ ჭარბი მიწოდების თავიდან არიდება, წლის ბოლო იყო და ა.შ. შევქმნათ სწორი მოლოდინები და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ლევან დიასამიძემ „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას.