ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე, სამშენებლო სექტორი უძრავ ქონებაზე ფასების დაახლოებით 10%-იან ზრდას პროგნოზირებს. გარდა ამისა, თუკი დაფიქსირდა მიგრანტების ნაკადები, მოსალოდნელია ფასები ქირაზეც გაიზარდოს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას უძრავი ქონების კომპანია „ლეალტორის“ დამფუძნებელი ლევან ლაბარტყავა განმარტავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შედეგად, რადიკალურად გაძვირდა საწვავი, საწვავის კომპონენტი კი მშენებლობის ინდექსში ერთ-ერთ მსუყე კომპონენტია. გარდა ამისა, გაძვირებულია სამშენებლო მასალებიც, მუშახელის კომპონენტი კი, მისი თქმით, ყოველთვე ძვირდება.
„უძრავი ქონების ექსპერტებს წლის დასაწყისში არ გვქონდა მოლოდინი, რომ ბაზარზე ფასების რადიკალური ზრდა მოხდებოდა. ველოდებოდით სტანდარტულ სიტუაციას, რაც სტანდარტულად ხდება ხოლმე უძრავი ქონების ბაზარზე - ფასის დაახლოებით 7-8%-ით მატებას. ახლა კი მიმდინარე მოვლენები გვიცვლის მოლოდინებს და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ფასების ჭრილში უფრო მეტი ზრდა გვექნება.
თუ გამართლდა პროგნოზები და სამშენებლო მასალები 30%-ით გაძვირდა, მშენებლობა მინიმუმ 10%-ით გაძვირდება. აქედან გამომდინარე, მშენებლობის ამგვარი გაძვირება უძრავი ქონების ფასებზე საგრძნობლად აისახება“, - აცხადებს ლევან ლაბარტყავა.
მისივე თქმით, უკვე საკმაოდ საგრძნობია ის, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არარეზიდენტების მოთხოვნა გაზრდილია.
„ერთმნიშვნელოვნად, ომი ნეგატიურია, რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვერ შევაფასებთ, მაგრამ ის, რომ ფინანსურ ნაწილში შეიძლება დადებითად აისახოს საქართველოს ეკონომიკაზე და ამ შემთხვევაში, უძრავი ქონების ბაზარზე, ნამდვილად ასეა. ეს პოზიტიური ნიშნები უკვე დავინახეთ, რადგან საგრძნობლად გაიზარდა არარეზიდენტებზე უძრავი ქონების გაყიდვები. პირად საუბრებში დეველოპერები აღნიშნავენ, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი მომართვიანობა ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდან. იმ ფონზე, როცა შარშან ნებართვების ზედმეტობით გაცემაზე ვსაუბრობდით და იყო რისკი, რომ ბაზარზე ჭარბი მიწოდება იქნებოდა, მოთხოვნა გაჩნდა და რისკებიც, რასაც წელს ველოდებოდით, აღარ არის. ყოველთვის პოპულარული იყო არარეზიდენტებში თბილისი და ბათუმი, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად წამოვიდა დაინტერესება კახეთზე, იმერეთზე.
რაც შეეხება ქირის ფასს, პირველად დაფიქსირდა თებერვალში, როცა ქირის ფასმა აღარ დაიწია და უმნიშვნელო, მაგრამ მატებაც დააფიქსირა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე დასტაბილურებული ქირის ფასი გვაქვს ბაზარზე. თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე მიგრანტების შემოსვლა დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, ქირის ფასი საგრძნობლად მოიმატებს“, - აცხადებს ლევან ლაბარტყავა.