თურქეთის კონკურენციის ორგანომ, ადგილობრივი ელექტრონული კომერციის პლატფორმის Hepsiburada-ს შეძენის უფლება ყაზახურ ფინტეკ კომპანია Kaspi.kz-ს მისცა. ამის შესახებ Türkiye Today წერს.

„გარიგება გულისხმობს უმრავლესობა აქციების გადაცემას და Hepsiburada-ს ერთპიროვნულ კონტროლს, რომელიც ადრე ჰანზადე დოგანს ეკუთვნოდა“, - განმარტა თურქულმა გამოცემამ.

შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-მა 2024 წლის 18 ოქტომბერს გამოაცხადა Hepsiburada-ში 65,41%-იანი წილის 1,13 მილიარდ დოლარად შესყიდვა. თურქეთის მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცების შემთხვევაში, გარიგება დასრულდება 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოს. გარიგების პირობების მიხედვით, გადახდა განხორციელდება ორ ტრანშად - პირველი $600 მილიონი დახურვისთანავე, ხოლო დანარჩენი $526.9 მილიონი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.

Kaspi.kz-ის აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ლომთაძის თქმით, Hepsiburada-ში წილის შეძენა კასპის სამიზნე ბაზარს 100 მილიონ ადამიანამდე გაზრდის. მოსალოდნელია, რომ ორივე კომპანია შეინარჩუნებს თავის ბრენდებს და საოპერაციო სტრუქტურებს.

გასულ წელს Hepsiburada-ს პლატფორმის საშუალებით გაყიდული საქონლის მთლიანი ღირებულება იყო დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი.