როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი საქართველოში და ძირითადად რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან დამსვენებლები, ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „პროფესიონალები“ ჰოტელიერმა და ტურისტული კომპანია „იბერია ტურს+“- ის დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალი უფრო კარგი იყო და უფრო შეინიშნებოდა ტურისტების შემოდინება.

„პირველ, მეორე და მესამე ადგილზე ვიზიტორებში კვლავ ჩვენი მეზობელი ქვეყნები არიან, რუსეთიდან ძალიან დიდი ნაწილი მიგრანტია, სომხეთთან სასაზღვრო მიმოსვლა გვაქვს და ძალიან ხშირად, როდესაც სომხები მანქანებით შემოდიან და მეორე ქვეყანაში გადასვლას გეგმავენ მინიმუმ ერთ ღამით საქართველოში ღამის თევა უხდებათ, რაც სტატისტიკაზე აისახება. სტატისტიკა ერთის მხრივ დამოკიდებულია ვიზიტორებზე, მეორეს მხრივ ტურისტებზე, ტურისტი არის საერთაშორისო მოგზაური, რომელიც 24 საათს და მეტს ატარებს ქვეყანაში.

ჩემი კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა დამიდასტურებს, რომ წელს გაცილებით რთული მდგომარეობაა, ჩვენ გაცილებით მეტ ტურისტს ველოდით გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიყავით ბერლინის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი ჩავდეთ, თუმცა ევროპული ბაზარი მაინც ვერ დავიბრუნეთ“ - აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.

მურაჩაშვილის თქმით, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ რეგიონში ომიანობაა, რაც იძლევა იმის  ფიქრის საშუალებას, რომ ქვეყანა საფრთხის შემცველად აღიქმებოდეს, მისივე თქმით სწორედ ამიტომ ევროპა უფრთხის ქვეყანას და მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობაა.

„წელს სწორედ ამიტომ მოხდა ფასების შემცირება, შარშან, როდესაც სასტუმროების და მომსახურების ფასები მატებისკენ წავიდა, წელს შემცირება მოგვიწია. ძალიან კარგია, როდესაც ქვეყანაში შემოდიან საუდის არაბეთიდან, დუბაიდან, გალფის ქვეყნებიდან, მაგრამ ამ ქვეყნებიდან მოგზაურები ძირითადად საქართველოში დროებითი მცხოვრებლები არიან  და ამ ქვეყნის მკვიდრები, რომლებიც დასასვენებლად შემოვიდნენ, ძალიან ცოტა თუ მახსენდება, მათი რაოდენობა დაახლოებით 2%-დან 5%-მდე მერყეობს. ჩვენ თუ ამ სტატისტიკით გამოვთვლით ერთი ტურისტის ხარჯვით წილს და შევადარებთ 2019 წელს, 70%-ზეც ვერ ავდივართ და 2019 წელს ვერანაირად ვუახლოვდებით. აქედან გამომდინარე წელს ჩვენ დაბალი შემოსავალი მივიღეთ. მიგრანტების მიერ ბინის საყიდლად დახარჯული თანხა სხვა არის და ტურიზმში დახარჯული თანხა სხვა, აქ გაცილებით ნაკლები ხარჯიანობა გვაქვს და საბოლოო ჯამში გამოდის ის, რომ წლევანდელ წელს პოზიტიურად ვერ შევაფასებთ, გაცილებით მეტს ველოდით, ალბათ საერთაშორისო ბაზრებზე უფრო მეტი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნად წარმოვაჩინოთ. ის ფასები, რაც ჩვენ ზაფხულისთვის დავგეგმეთ თებერვალში ზაფხულში შეიცვალა, რადგან ლავირება და ბაზარზე გადაწყობა მოგვიწია. გარდა ამისა, საქართველოს აბსოლუტურად ყველა რეგიონში გაიზარდა საწოლფონდი და მოთხოვნა მიწოდებას ვეღარ ეწევა.“ - აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.

მურაჩაშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება მძლავრი ბაზრები, ესენია ინდოეთი და ჩინეთი, მისივე თქმით აღნიშნულ ბაზრებს არ ახასიათებს სეზონურობა და მათი მოზიდვის შემთხვევაში ტურიზმის მაჩვენებელიც მოიმატებდა და ქვეყნის ბიუჯეტში ხარჯვით წილიც.