2026 წლის 1-ელი იანვრიდან დედაქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე მეორადი საბურავების გაყიდვის აკრძალვას უკვე მოჰყვა საპროტესტო აქციები, რეალიზატორთა ნაწილის დაჯარიმება, პროგნოზები კი ამ ყველაფრის ფონზე არც თუ სახარბიელოა.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ნონიაძე აცხადებს, როცა ამდენი ობიექტი აღარ იქნება, რა თქმა უნდა, ფასებიც გაიზრდება. ამასთან, მისივე თქმით, ნებისმიერი პროდუქტის თვითღირებულებაში ტრანსპორტის ხარჯები შედის. ამდენად, თუ საბურავები გაძვირდა, ნაწილები გაძვირდება და თუ ტრანსპორტირება გაძვირდა, შესაბამისად, ყველაფერი გაძვირდება.
„ამ ყველაფრის შემდეგ რას მივიღებთ, ეს არის მთავარი - რამდენად გაიზრდება ფასები, რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი, ამ ადამიანების უმუშევრობა რამდენად იმოქმედებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე, რამდენად გაიზრდება ტრანსპორტის, სხვა პროდუქციის ფასები.
თბილისის მასშტაბით არის ზონები, სადაც არის პროფილაქტიკები, საბურავების, აკუმულატორების, მეორადი ნაწილების ბაზრობები, მათ ლოკაციები უნდა შეიცვალონ. თუ მეორადი საბურავი ეკოლოგიურად საფრთხის შემცველია თბილისის ცენტრში, გარეუბანში არ იქნება საფრთხის შემცველი? ამ პროცესებს მართვა სჭირდება და
ბევრი ამბობს, რომ რამდენიმე წელი გადავადდა ეს რეგულაციები და დავეთანხმები, რადგან უშუალოდ ჩვენი ასოციაციაც იყო ჩართული ამ პროცესში - 2020 წლის ნაცვლად, 2026 წელს ამოქმედდა. პირიქით, მადლობა, რომ ასე გადავადდა, მაგრამ ამის გამო მცდარი მოლოდინები შეექმნა ბიზნესს, რომ კიდევ გადავადდებოდა. ამდენად, ამაზე საუბარი უნდა დაწყებულიყო არა ერთი თვით, არამედ ერთი წლით ადრე. უნდა ეთქვათ, ვიწყებთ რეფორმას, აქედან აქ გადადიხართ, პირობები ასეთია და ეს ადამიანებიც შესაბამის ზომებს მიიღებდნენ“, - აცხადებს ალექსანდრე ნონიაძე.