„თუ კვალიფიკაცია არ აქვს ადამიანს, როგორ ექნება მაღალი ხელფასი?“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ განუცხადა.
მართალია სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში საშუალო ხელფასი მზარდია, მაგალითად, საქსტატის მონაცემებით 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 420 ლარი იყო, მეორე კვარტალში - 2 317 ლარი. თუმცა სხვა სურათია დასაქმების ბაზარზე, სადაც ზოგ შემთხვევაში თვიური ხელფასის მოცულობა 400-500 ლარის ფარგლებშია.
ელგუჯა მელაძის თქმით, მაღალი ხელფასის გადახდა დასაქმებულისთვის მხოლოდ ბიზნესის პასუხისმგებლობა არაა და ამას კანდიდატის მხრიდან შესაბამისი კომპეტენცია სჭირდება.
„ნუ გავკიცხავთ მეწარმეს მაგისთვის, თუ კვალიფიკაცია არ აქვს ადამიანს, მაშინ როგორ იქნება ანაზღაურება მაღალი.
ჩვენ ვეუბნებით სამუშაოს მაძიებელს ან უმუშევარს, რომ თუ კვალიფიკაცია არ გაქვს, არის გადასარევი სახელმწიფო პროგრამები. მთავრობა ყველაფერს აფინანსებს და შეგიძლია ნებისმიერი პროფესია შეისწავლო, შემდეგ კი დასაქმდე. ეს არ არის პრობლემა, პრობლემა სხვა რამეშია. ყველაფერი კარგადაა შესასწავლი.
ანაზღაურება არის იმდენი, რამდენიც არის. ხელფასი რომ გაიზარდოს, ეს მარტო ბიზნესმენის გადასაწყვეტი არაა. სხვა თემებთანაა დაკავშირებული. თვითღირებულება ხომ სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება, მათ შორის, ხელფასისგანაც. თუ იმაზე მეტი ხელფასი გაქვს, რაც თვითღირებულებაში ვერ ეტევა, მაშინ კომპანიამ რა უნდა ქნას. საიდან უნდა დაფაროს ეს ხარჯები. კვალიფიკაცია, ხარისხი, აქ ძალიან ბევრი ფაქტორია. კონკურენციაა ბაზარზე, რაც ამ ყველაფერს განსაზღვრავს.
სადაც საჭიროა, არის მაღალი ანაზღაურება, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ეს დამოკიდებულია ადამიანების კვალიფიკაციაზე, შესაბამის განათლებაზე და უნარებზე. იმაზეა დამოკიდებული, რა კვალიფიკაციის ადამიანი სჭირდებათ კომპანიებს. ამას ბაზარი არეგულირებს და ამაში ვერავინ ვერ ჩაერევა. მაგრამ ბაზრის მიხედვით უნდა გაკეთდეს დასკვნებიც.
ბიზნესი რას აკეთებს? ყიდის თავის პროდუქციას. რისგან იქმნება ეს პროდუქცია და საიდან გამომდინარეობს მისი ფასი? გამომდინარეობს თვითღირებულებისგან და მერე დანარჩენი მოგების სახით. თვითღირებულებას ქმნის ნედლეული, ენეგრო ხარჯები, გადასახადები, ხელფასები და ასე შემდეგ. ბიზნესმენი იმაზე მეტ ხელფასს ფიზიკურად ვერ მისცემს თანამშრომელს, რაც მის წარმოებაში ვერ ჩაეტევა. მერე ბაზარზე მისი პროდუქცია იმაზე მეტად ვერ გაიყიდება, რაც კონკურენტებს აქვთ და წაგებაში იქნება.
მე არ ვამბობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს ხელფასების ხარჯზე, უბრალოდ, ზოგადად ეს ყველაფერი არის ეკონომიკა და კონკურენციის პრინციპი“, - აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.