იდეას, რომელიც წლებია რაც მაქვს, საფუძვლად უდევს ჩემი ღრმა კავშირი ბუნებასთან - ასე პასუხობს ველური ბუნების კონსერვაციონისტი და ახლა უკვე ხელოვანი ხატია ბასილაშვილი „კომერსანტის“ კითხვას, თუ საიდან გაჩნდა ბოტანიკური ბეჭდვის იდეა და რა იყო ამ საქმის ბიზნესად ქცევის ინსპირაცია.
ბოტანიკური ბეჭდვის იდეა წლებია რაც მაქვს, რასაც საფუძვლად უდევს ჩემი ღრმა კავშირი ბუნებასთან და მდგრად ცხოვრებასთან. პროფესიით ველური ბუნების კონსერვაციონისტი ვარ, მთელ ცხოვრებას ველზე და ბუნებაში ვატარებ და ამიტომაც, ყოველთვის შთაგონებული ვიყავი ბუნებრივ სამყაროში ნაპოვნი სილამაზით და მცენარეების უნიკალური ფორმებით. თავად ბუნება გახდა ჩემი შთაგონების უდიდესი წყარო. ცოცხალი ფერები, დელიკატური ფორმები და ფოთლებისა და ყვავილების რთული დეტალები, ჩემთვის საოცრად მომხიბვლელია. დავინახე იმის შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ ბუნების არსი აღმებეჭდა ჩემს ნამუშევრებში, არამედ ხელი შემეწყო მდგრადი პრაქტიკების განვითარებისათვის, რა დროსაც გამოვიყენებდი ეკოლოგიურად სუფთა, მცენარეებისაგან საკუთარი ხელით მიღებულ საღებავებს.
ხელოვნების, ბუნებისა და მდგრადი ცხოვრებისადმი ჩემი სიყვარულის შერწყმით, დაიბადა ბოტანიკური ბეჭდვის იდეა. ბოტანიკური პრინტისა და ბუნებრივი ღებვის კონცეფცია საშუალებას მაძლევს გავაერთიანო ჩემი სიყვარული ხელოვნებისადმი და გარემოსადმი.
ბოლო ორი წელი აშშ-ში ვცხოვრობდი, სადაც ჩემი ბუნების დამცველი საქმიანობით ვიყავი დაკავებული და უნივერსიტეტში ვსწავლობდი. იქ ყოფნის პერიოდში, შევძელი ჩემს იდეაზე კონცენტრირება და შევძელი შემესწავლა ხელოვნების ეს ფორმა. ორი წელი უწყვეტად ვღებავდი, ვხვდებოდი ადგილობრივ ხელოვანებს, ვცვლიდით ცოდნას, იდეებს, ვაკვირდებოდი სხვების მუშაობის ტექნიკებს და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მეც მეცადა იგივე, ოღონდ ჩემს ქვეყანაში.
რამდენად მარტივია მასალის მოძიება, ბევრი ბუნებრივი "საღებავია" ჩვენს გარშემო?
მასალების მოძიება მარტივია იმ დროს, როდესაც იცი სად მოძებნო. რაც არ უნდა საოცარი იყოს, სახლის პირობებშიც კი მოიძებნება შესაღები მასალები. მაგალითად ხახვის ფურცლები, ზაფრანას ყვითელი ფურცლები, წითელი წიწაკის ფხვნილი და სხვა...სხვა მცენარეებისთვის პატარა ბაღი გავაშენე და მე თვითონ ვზრდი ყვავილებს ან ტყეში ვეძებ ფოთლებს.
ბიზნესის დასაწყებად თანხების მოძიება როგორ მოხდა. ხომ არ გახდა საჭირო ბანკების დახმარებაც?
ბანკების დახმარება ამ ეტაპზე არ გამომიყენებია, ძალიან მცირე თანხით ვიწყებ მუშაობას. ამ, ეტაპზე უნდა შევხედო როგორ მიიღებს ქართული საზოგადოება ახალ ნაწარმს, რამდენად პოპულარული გახდება და უკვე შემდგომ გადავწყვეტ დავიმატო თუ არა ბანკების დახმარება.

ვინ მოიაზრება პოტენციურ მომხმარებლებად, ადგილობრივები, თუ ტურისტებზე კეთდება აქცენტი? საზღვარგარეთ გაყიდვა თუ განიხილება.
გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ნამუშევარი ხელით მზადდება, ყოველი ნივთი უნიკალურია და არ ჰგავს მეორეს. საღებავები ეკოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, მცენარიდან ვიღებ თვითონ მცენარეშივე მიმდინარე ქიმიური პროცესების დახმარებით - ვაჩქარებ ან ვანელებ პროცესებს. შესაბამისად, მომხმარებლად მოვიაზრებ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმს და ბუნებრივ ქსოვილებს. ადამიანებს, რომლებიც პატივს სცემენ ხელნაკეთ ნივთებს და უპირატესობას ანიჭებენ უნიკალურობას. პირველ ეტაპზე საქართველოში ვცდი ბედს და როგორც კი მოვძლიერდები, ნაწარმს აუცილებლად გავიტან საზღვრებს გარეთაც.
რეალიზაცია როგორ მოხდება, არსებობს რაიმე შოურუმი, სადაც ნამუშევრების ნახვაა შესაძლებელი, თუ მხოლოდ ონლაინ?
რეალიზაცია მოხდება ონლაინ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთგვარი ინოვაციაა ჩემი წამოწყება, პლუს მცირე ბიუჯეტით ვიწყებ ოპერირებას. ამიტომ, ნიადაგს ონლაინ მოვსინჯავ, თუმცა, მონაწილეობას მივიღებ გარე ბაზრობებში, სხვადასხვა გამოფენებში და მომხმარებელს საშუალება ექნება პირადად შეაფასოს პროდუქცია.
რაში გამოიყენება დაპრინტული ქსოვილები, მისგან ჩანთების, შარფების დამზადება თუ არის შესაძლებელი?
მე ვღებავ მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ ქსოვილებს. მცენარეებისაგან მიღებული საღებავები მხოლოდ ბუნებრივ ქსოვილზე რჩება მუდმივად. ეს ქსოვილებია: აბრეშუმი, შალი, ბამბა და ტილო. პირველ ეტაპზე აბრეშუმით შემოვდივარ ბაზარზე, რომელიც გამოიყენება შარფებისთვის, თუმცა, ნამუშევრები იმდენად ლამაზია რომ ზოგიერთი მომხმარებელი კედელზე ჰკიდებს, როგორც ნახატს. მოგვიანებით ჩანთებს და სხვადასხვა ტიპის ტანისამოსსაც ვგეგმავ.

რამდენად გამძლეა მსგავსი მეთოდით დამზადებული ქსოვილები, რამდენად უძლებს მზის, წყლის ზემოქმედებას?
მსგავსი მეთოდით დამზადებული ნაწარმი ძალიან გამძლეა და მთელი ცხოვრება ნარჩუნდება საღებავი და პრინტიც. ქიმიურმა წარმოებამ, სინთეტიკურმა საღებავებმა დიდი ხანია ჩაანაცვლა ბუნებრივი საღებავი, თუმცა, ისტორიულად მცენარეებით ღებავდა ყველა და ძველი ნიმუშები დღემდე, საუკუნეების შემდეგაც შემორჩა. სწორი ტექნიკით, სწორი მცენარეებითა და დიდი მოთმინებით, მიიღება ისეთი შედეგი, რომ მართლაც ათეული წლები შენარჩუნდება შეღებილი ქსოვილი.
როგორც ხატია ბასილაშვილი კომერსანტთან ამბობს, ქსოვილების ფასი საშუალო დიაპაზონის იქნება.
ფასები იქნება საშუალო დიაპაზონის. თუმცა, ვეცდები რომ მცირე ზომის ნაწარმი იაფადაც შევთავაზო მომხმარებელს. თითოეული შარფის დამზადებას სჭირდება დაახლოებით 5-7 დღე. აქ აღარ ვითვლი მცენარეების მოძიებას, თითოეული მცენარიდან პიგმენტის მიღებას ან გახმობას იმისათვის რომ მკვეთრი ანაბეჭდი მივიღო მატერიაზე და ასე შემდეგ. საქმე ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივია. სწორედ ამის გამო, მე არ მექნება მუდმივად მზა მასალა, გარკვეული პერიოდულობით კაფსულა კოლექციას გამოვუშვებ და თარიღს წინასწარ დავაანონსებ ხოლმე.

მომხმარებელს უკვე მზა მასალას შესთავაზებ, თუ იქნება შეკვეთით დამზადების საშუალებაც?
მომხმარებელს უკვე მზა მასალას მე შევთავაზებ, თუმცა იქნება შეკვეთის საშუალებაც. თუ ადამიანს მოეწონება ჩემი ნამუშევარი, მზად ვარ მის საყვარელ ტანსაცმელზეც გავუკეთო მცენარის ანაბეჭდი, ან შევღებო მის სასურველ ფერად.
ბაზარი თუ გაქვს შესწავლილ, თუ ამზადებს მსგავსი მეთოდით ქსოვილებს ვინმე საქართველოში, რამდენად არსებობს კონკურენცია და ვის განიხილავ კონკურენტად?
დიახ, ბაზარი შევისწავლე და ამ მეთოდით საქართველოში არავინ არ მუშაობს. პირველი ვარ, ვინც ბოტანიკური ანაბეჭდების გაკეთებას ვიწყებ. არის რამდენიმე არაჩვეულებრივი საწარმო, რომლებიც ბუნებრივი საღებავებით ღებავენ შალის ძაფებს და შემდეგ ქსოვენ ამ ძაფებით, თუმცაღა როგორც აღვნიშნე, ჩვენთან არ არის როგორც გავრცელებული პრაქტიკა და ჩვენი ცოდნაც, ბუნებრივი საღებავების მოპოვების შესახებ, ნელ-ნელა იკარგება.
დამატებით დავიწყე მცენარე ინდიგოს გაშენება, საუკუნეების განმავლობაში, სწორედ ამ მცენარისგან მიიღებოდა ლურჯი საღებავი. ეგვიპტელი ფარაონების ნამარხებშიც სწორედ ინდიგოს საღებავია აღმოჩენილი. საქართველოში ინდიგო არავის მოჰყავს და მისგან პიგმენტსაც არავინ იღებს, რადგან საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. სწორედ ინდიგოს პირველად გაზრდას ვფიქრობ საქართველოში და ვეცდები მივიღო ქართული ინდიგოს პიგმენტი.
„კომერსანტი“ წამოწყებას წარმატებას უსურვებს, შეიძლება სამომავლო გეგმებისთვის ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც შემდეგ ნაბიჯად რა მოიაზრება.
მადლობა თქვენ იმისათვის, რომ აქ საუბრის საშუალება მომეცით. შემდეგი ნაბიჯია, რომ კოლექცია გავაფართოო და ჩემივე შეკერილი და შეღებილი ტანისამოსის გაყიდვა დავიწყო ჩემსავე ვებსაიტზე. ვნახოთ, როგორ მიიღებს ქართველი მოსახლეობა ამ ახალ წამოწყებას, ყველაფერი ჩემს აქტიურობასა და გაყიდვებზე იქნება დამოკიდებული.