ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომლებიც მეორადი ავტომობილების და ავტონაწილების შემოტანა-რეალიზაციით არიან დაკავებული სამართლებრივი ბაზა უნდა შეიქმნას. აღნიშნულს ითვალიწინებს საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც საქართველოს ავტო-იმპორტიორთა ასოციაციამ პარლამენტს მიმართა.
კანონპროექტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც ავტო-იმპორტიორს ნაწილებად დასაშლელად შემოყვანილი ავტომობილის გაფორმების პროცედურები გაუმარტივდება. კანონში ცვლილება საშუალებას მისცემს დეკლარაციის წარმდგენს, მიიღოს გადაწყვეტილება კუთვნილი საქონელი სატრანსპორტო საშუალებად დატოვოს თუ საკუთარი განცხადების საფუძველზე მისი ნაწილებად დემონტაჟი დაგეგმოს. ნაწილებად დაშლის შემთხვევაში მფლობელი დაიბეგრება დღგ-ს გადასახადით, როგორც ეს ავტონაწილების შემთხვევაში ხდება, ნაცვლად აქციზის გადასახადისა.
კონკრეტულად კიდევ რას გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივა, ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ ისაუბრა.
ნონიაძის თქმით, ამ ეტაპზე ავტონაწილებზე მომუშავე ბიზნესს უწევს ავტომობილის შეძენა, მისი განბაჟება, რეგისტრაციაზე აყვანა, შემდეგ რეგისტრაციიდან მოხსნა და ნაწილებად დაშლა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს კი ამ პროცესების გამარტივება წარმოადგენს.
„იმ იმპორტიორებისთვის, რომლებიც მეორადი ავტონაწილების ბაზარზე მუშაობენ, ავტომობილი არის შუალედური პროდუქტი, საბოლოო პროდუქტი არის ავტონაწილები და ფაქტობრივად გამოდის, რომ სამართლებრივადაც და ისედაც, ისინი სხვა პროდუქტს იღებენ და მათი მიზანია, რომ მიიღონ სხვა პროდუქტი. აქ ჩვენი ინიციატივა ისაა, რომ გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს ავტო-იმპორტიორმა სატრანსპორტო საშუალებად დატოვება უნდა, თუ ნაწილებად დაშლა. ამ შემთხვევაში დეკლარაციაში შესაბამის გრაფას მონიშნავს და განაბაჟებს სხვა საგადასახადო კოდით, როგორც ნაწილებს. თუ ახლა აქციზით იბეგრება როგორც ავტომობილი, ამ შემთხვევაში დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით. ეს საშუალოდ 1000 ლარიან შეღავათს მისცემს ავტო-იმპორტიორს. ამით შეღავათს მიიღებს ბიზნესი და უფრო მეტის სტიმული გაუჩნდება, რომ თავი არ აარიდოს საგადასახადო სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო მკაცრად რეგულირდება მაინც არის მცირე შემთხვევები, რომ თავს არიდებენ გადასახადებს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩვენი მიზანია, ყველას ჰქონდეს იმის სტიმული, რომ სამართლებრივად იმუშაოს, გადასახადებიც შეიტანოს და მისთვის მომგებიანიც იყოს. იაფი რომ ეღირება ავტონაწილები, ეს ჩვენ ინდუსტრიაზეც იმოქმედებს, გაიაფდება ავტომობილები და მოთხოვნაც მოიმატებს. თუ პირველ წელს მცირე ზარალს ნახავს ხაზინა, მომავალ 2-3 წელიწადში კიდევ უფრო გაიზრდება შემოსავლები ბიუჯეტში,“- განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
რა პოზიცია აქვს ფინანსთა სამინისტროს - ალექსი ნონიაძის თქმით, კონსულტაციები გავლილია ყველა შესაბამის უწყებასთან, დარგის სპეციალისტებთან, სექტორის წარმომადგენლებთან და კანონმდებლებთანაც. მისი თქმით, ყველაფერი დეტალურად დათვლილია და შესაბამისი უწყებების მხრიდან კონკრეტული პოზიციები საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში განხილვის დროს გახდება ცნობილი.
ნონიაძის თქმით, ავტობაზარი გადასახადების საკმაოდ მსხვილი გადამხდელია და სექტორიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი ლარი შედის, შესაბამისად სექტორის კიდევ უფრო განვითარება ამ თანხებსაც გაზრდის.
როგორც ნონიაძემ აღნიშნა, იმისთვის რომ ავტომობილის ნაწილები ამჟამად შესაბამისი კოდით შემოვიდეს, მათი დაშლა საზღვრებს გარეთ ხდება, რაც 400-600 დოლარამდე ჯდება. რის გამოც ქვეყნიდან გადის დაახლოებით 4-6 მილიონ დოლარამდე. მისი თქმით, ამ თანხის ქვეყანაში დარჩენა კი ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობასაც წაადგება, ამასთან ავტომობილების დაშლა საქართველოში მოხდება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს.
რა ვითარებაა ავტონაწილების ფასებთან დაკავშირებით - ნონიაძის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ტრენდი ფასების შემცირებისკენაა, თუმცა საშინაო ფაქტორების გავლენით ქვეყანაში ფასები იზრდება, მომავალში კი რომელიც ფაქტორიც უფრო გადაწონის, ფასებიც იმის შესაბამისად დარეგულირება. როგორც ნონიაძემ აღნიშნა, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ არ გააძლიეროს ის ფაქტორები, რომელიც ფასების ზრდას შეუწყობს ხელს.