კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებლის, ეკატერინე ვეფხვაძის თქმით, 2025 წელი მიუხედავად დიდთოვლობისა, რომელმაც მოსავალი ნაწილობრივ დააზიანა, წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიამ საქართველოს მასშტაბით 7 ათასი ტონა ლურჯი მოცვი აიღო, რაც შარშანდელზე თითქმის ორჯერ მეტია.
„წელს დიდთოვლობამ ნაწილობრივ დააზიანა მოსავალი, მაგრამ მაინც საკმაოდ წარმატებული წელი იყო. საქართველოს მასშტაბით 7 ათასი ტონა ლურჯი მოცვი მივიღეთ. ვფიქრობთ, შემდეგ წელს დაახლოებით 13 ათასი ტონა იქნება და რა თქმა უნდა, ეს დინამიკა ძალიან დადებითია. შედარებისთვის, გასულ წელს იყო 4 ათას ტონამდე,“ – ამბობს ვეფხვაძე.
ვეფხვაძის მოსავლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე რუსეთში გადის, რისი მიზეზიც უმთავრესად გამარტივებული ლოგისტიკაა.
,,წელს 7 ათასი ტონა ლურჯი მოცვი მივიღეთ საქართველოს მასშტაბით. ძირითადი რაოდენობა რუსეთშია ექსპორტირებული, რასაც ძალიან ბევრი განაპირობებს ძალიან ბევრი ფაქტორი: გადაზიდვის პრობლემა ნაკლებად არის, ლოგისტიკურად ბევრად მარტივია. ყიდულობენ ბაღიდან დაკრეფილს, შეიძლება სერტიფიცირებულის გარეშეც, ფასიც ბევრად მაღალია. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ ექსპორტს დუბაი, კატარი, საუდის არაბეთის მიმართულებებით, ევროპაში, თუმცა, ბევრი გამოწვევაა ამ კუთხით, ვინაიდან ქვეყნის მასშტაბით არ არის სამაცივრე მეურნეობები. ყველაზე მთავარი გამოწვევა კი ლოჯისტიკაა, რაც გულისხმობს, რომ გადაზიდვები აღმოსავლეთის ქვეყნებში სამგზავრო თვითმფრინავებით ხდება, რის გამოც რაოდენობაში ძალიან შეზღუდულები ვართ",- ამბობს ეკატერინე ვეფხვაძე.
ევროპაში 1 კგ ლურჯი მოცვის ფასი 6-7 დოლარია
"აგრითაჩის" დამფუძნებლის თქმით, ლურჯი მოცვის მთავარი მიმწოდებელი ევროპისთვის მაროკოა, თუმცა, წელს დეფიციტი ჰქონდათ და ფასი გაიზარდა. დაახლოებით 6-7 დოლარი იყო 1 კილოგრამი მოცვის ღირებულება, რაც შარშანდელთან შედარებით 10-15 პროცენტიანი ზრდაა. კომპანია სამომავლოდ ლურჯი მოცვის მთლიანად ქოთნებში წარმოებას გეგმავს, რათა კლიმატური პირობები მოცვისთვის იდეალურ გარემოს დაუახლოვდეს.
,,ახალი მიმართულება დავიწყეთ - მთლიანად ქოთნებში წარმოებაზე გადავდივართ და გვირაბის სტილის სათბურები გვექნება, რათა მაქსიმალურად იდეალური კლიმატური პირობები შევუქმნათ. რაც შეეხება საქართველოს, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ვინაიდან ჯერჯერობით მზარდია პროდუქტზე მოთხოვნა. გლობალურადაც, ლურჯი მოცვი არ იყიდება როგორც მხოლოდ ხილი, მისი მთავარი ფასეულობა არის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე",- თქვა „აგრითაჩის“ დამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ "კომერსანტთან" ინტერვიუში.