ქართული ბრენდი „ტრიკო“  შიდა თეთრეულის, საღამურებისა და საცურაო კოსტიუმების პირველი ქართული წარმოებაა, რომელიც 2 წელია არსებობს.

ფერადი, სახალისო დიზაინისა და მაღალი ხარისხის დამსახურებით, „ტრიკო“  მოკლე დროში ბევრისთვის საყვარელ სამოსად იქცა.

როგორ გაჩნდა ქართული წარმოების შექმნის იდეა და რა არის მისი უპირატესობა იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით? ამის შესახებ „კომერსანტს“ „ტრიკოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მომღერალი ვერიკო ტურაშვილი ინტერვიუში ესაუბრა.

როდის დაიწყეთ „ტრიკოს“ შექმნაზე მუშაობა და როგორ იქცა იდეა ბიზნესად?

ეს იყო ძალიან რთულ პერიოდში, პანდემიის დროს, როცა ჩვენი პროფესიული საქმიანობები შეჩერდა. მქონდა ბევრი დრო იმაზე საფიქრალად, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. წარმოების დაწყების სურვილი მანამდეც მქონდა, 2 წლის წინ კი მე და ჩემმა მეგობარმა ამ იდეის განხორციელება ერთობლივად დავიწყეთ.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მამაკაცისა და ქალის შიდა თეთრეულის წარმოების პრეცედენტი არ არსებობდა, გადავწყვიტეთ ეს ჩვენ გაგვეკეთებინა. სახელწოდებაც სწორედ აქედან წამოვიდა.

თავდაპირველად მივეცით ამას პროექტის სახე და დაფინანსების მისაღებად პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შევიტანეთ. ყველა ეტაპის გავლას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა, რის შემდეგაც თითქმის სრული გრანტი მივიღეთ. აქედან დაიწყო ყველაფერი.

რამდენად წარმატებული იყო პანდემიის პერიოდში დაწყებული ონლაინ გაყიდვები?

რადგან, ფაქტობრივად, ყველაფერი დაკეტილი იყო,  გაყიდვები ონლაინ სივრცეში დავიწყეთ. პირველი სერიოზული შედეგები, თებერვალში, ვალენტინობის დღესასწაულზე, გვქონდა. ზუსტად 5 დღეში ისეთი ბრუნვა დაგვიფიქსირდა, რომ ჩვენი სტიმული და მონდომება გაორმაგდა.

დღეს, უკვე მე და ჩემს 2 პარტნიორ მეგობარს გვაქვს ჩვენი საწარმო და 4 მაღაზია. აქტიურად ვმუშაობთ მარკეტინგის კუთხით, ვაპირებთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ხარისხი და პრემიუმ კლასზე ავიდეთ.

რამდენი სახის პროდუქტია ახლა ხელმისაწვდომი „ტრიკოში“ და რა უპირატესობა აქვს მას ბაზარზე?

თავიდან პროდუქციის უფრო ფართო სპექტრის გაკეთებაზე ვფიქრობდით, მაგრამ შემდეგ პრიორიტეტად კონკრეტულად ქალისა და მამაკაცის საცვლები, საღამურები და საცურაო კოსტიუმები ავირჩიეთ. ასევე გვაქვს საბავშვო პროდუქციის კოლექციაც.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მასალა არის აბსოლუტურად ნატურალური, მაღალი ხარისხის. მინიმუმამდეა დაყვანილი სინთეტიკის შემადგენლობა. გვაქვს ასევე აბრეშუმის პროდუქცია, რომელიც დელიკატურობიდან გამომდინარე, ურთულესი საწარმოებელია.

ქსოვილების ნედლეულს საზღვარგარეთ ვყიდულობთ და ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ წარმოებული პროდუქტი იყოს 100%-ით ბამბა, 100%-ით აბრეშუმი და ა.შ.

როგორ არჩევთ მოდელების დიზაინს და რას ითვალისწინებთ ამ პროცესში?

პირველ რიგში ჩვენთვის მთავარია კომფორტი, რასაც მაღალი ხარისხი განაპირობებს. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ამას ემატება თანამედროვე დიზაინი. მე და ჩემი ორი პარტნიორი ერთად ვარჩევთ რა ფერია იმ დროს აქტუალური და მოდური, რა თემატიკაა მსოფლიოში ტრენდული. ყველაფერი ჩვენი გემოვნებით კეთდება.

სამივე ერთად ვსხდებით, ვარჩევთ მასალებს, ვთანხმდებით დიზაინზე და შემდეგ ვაკეთებთ კოლექციებს.

ჩვენი კოლექცია მუდმივად განახლებადია. საზაფხულო კოლექცია უკვე არის გაყიდვაში. ყოველ 10 დღეში ვაახლებთ პრინტების მოდელებს. მარტო საცურაო კოსტიუმების დაახლოებით 30 ახალი მოდელი გვაქვს გაკეთებული. ასევე აბრეშუმისა და ბამბის კოლექციებს ვაახლებთ მუდმივ რეჟიმში.

მთავარი პროდუქტი კი თავად „ტრიკო“ - მამაკაცის საცვლები გახდა ძალიან მრავალფეროვანი. დავამატეთ წელვადი ბოქსერები და ასევე უახლოეს პერიოდში შემოვა ქალის საცვლები.

თქვენი, როგორც დამფუძნებლის შეფასებით, „ტრიკო“ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, თუ ისე სასაჩუქრე კატეგორიას უფრო მიეკუთვნება?

რა თქმა უნდა, „ტრიკო“ სასაჩუქრედ იდეალური ვარიანტია, რადგან ძალიან ფერადი, განსხვავებული და სახალისოა. თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ, ფაქტობრივად, მინიმუმამდე დაგვყავს ფასნამატები. ვფიქრობთ, ბერად უკეთესია, „ტრიკო“ იყოს ყველასთვის, ვიდრე ის გარკვეული სეგმენტის მოთხოვნას მოვარგოთ.

შესაბამისად, საფასო პოლიტიკა და მომხმარებლებისთვის მუდმივ რეჟიმში შეთავაზებული ფასდაკლებელი ამის საშუალებას გვაძლევს.

ახლა რა ეტაპზეა ბრენდის განვითარება და რა მიმართულებით გეგმავთ სიახლეებს?

„ტრიკო“ ამჟამად 4 სავაჭრო ცენტრშია წარმოდგენილი:  „გალერეა თბილისი“, „გლდანი მოლი“, „თბილისი მოლი“ და „ბათუმი მოლი“. ვფიქრობდით, რომ გაყიდვებისთვის ყველაზე ოპტიმალური სწორედ სავაჭრო ცენტრები იქნებოდა და ასეცაა. ამ ოთხ ლოკაციაზე საკმაოდ აქტიური გაყიდვები გვაქვს. ჩვენი მომხმარებლები ხშირად არიან ტურისტებიც. ასევე მოქმედებს, რა თქმა უნდა, ონლაინ მაღაზიაც, თუმცა ფიზიკურ ლოკაციებზე რეალიზაცია გაცილებით მაღალია.

ახლა აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტის მიმართულებაზე. წინასწარ დაზუსტებით ვერ დავაანონსებ ქვეყნებს, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე დიდ და კარგ კომპანიასთან. ჩვენს საწარმოს აქვს იმის პოტენციალი, რომ დიდი ოდენობით აწარმოოს „ტრიკოს“ პროდუქცია. ამიტომ მიმდინარეობს ინტენსიური მზადება და უკვე ამ ზაფხულს, ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტი განხორციელდება.