ექსპორტიორებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა, სადაც კომპანიებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ხუთ ქვეყანასთან სავაჭრო პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ქართულ ენაზე შეუძლიათ.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ,გვანცა მელაძემ განუცხადა, პორტალი საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინასა და მოლდოვას აერთიანებს.
„პლატფორმაზე eap.tradehelpdesk.org წარმოდგენილია შავი ზღვის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე ამომწურავი ინფორმაცია, რაც ვაჭრობასთან არის დაკავშირებული. უფრო კონკრეტულად კი სავაჭრო სტატისტიკა და ანალიზი ქართულ ენაზე. ენის ბარიერი მწამოებლებისთვის ხშირად დიდ პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის კვლევისა და შერჩევისას ექსპორტიორები ინფორმაციის მოძიებას ამ პორტალის საშუალებით ქართულ ენაზე შეძლებენ,“-აღნიშნა გვანცა მელაძემ.
მისივე განმარტებით, ახალი პორტალი ცნობილი სავაჭრო პლატფორმის Trademap-ის ქართული ანალოგია.
„რეალურად ზღვა ინფორმაციაა ქართულ ენაზე ნათარგმნი და გაანალიზებული. მაისში იწყება ერთკვირიანი ტრენინგები, სადაც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ITC-ის წარმომადგენლები მოამზადებენ ტრენერებს, რომ შემდგომში მათ მეწარმეებს გადასცენ საჭირო ინფორმაცია და აუხსნან თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს პორტალი.“-აღნიშნა გვანცა მელაძემ.