საქართველოში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 2022 წელს 779.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 4.7 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.1 პროცენტი ქალია, ხოლო 56.9 პროცენტი - კაცი.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 39.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ კი 726.2 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 5.5 პროცენტით მეტი).

„ბიზნესპრესნიუსმა" სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელი 10 საწარმო ასაქმებდა 2022 წელს ყველაზე მეტ ადამიანს.

გთავაზობთ ჩამონათვალს, ვის ეკუთვნის ბიზნესსექტორის Top-10 საწარმო 2022 წლის დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით:

სს გეფა - 2010 წლის 8 იანვარს დაფუძნდა. სს გეფას კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ჯგუფის აქციონერთა სტრუქტურა ასეთი იყო: კომპანიის 77%-იანი წილი სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს ეკუთვნოდა, 20% - ენრიკო ბერიძეს, ხოლო 3% - მიხეილ აბრამიძეს. მშობელი კომპანია ფლობს ჯგუფის საკონტროლო პაკეტს. ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „GHG“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია. (წყარო - reportal.ge). სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, სს გეფას საოპერაციო დირექტორი არის მიხეილ აბრამიძე, ფინანსური დირექტორი კი გიორგი ჟიჟილაშვილი.

სს საქართველოს რკინიგზა - 2022 წლამდე „საქართველოს რკინიგზის“ 100%-იანი წილის მფლობელი სს „საპარტნიორო ფონდი“ იყო, რომელიც სრულად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის საკუთრებას. 2022 წლის დეკემბრიდან, სს საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მთავრობა გახდა.

შპს პსპ ფარმა - წილის 95%-ს დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი ფლობს, წილის მმართველი ვაჟა ოქრიაშვილია. დანარჩენი 5% კი, თენგიზ ჯამელაშვილის საკუთრებაა.

შპს თბილსერვის ჯგუფი - წილის 100%-ს თბილისის მუნიციპალიტეტი ფლობს

სს ენერგო - პრო ჯორჯია - კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, (წყარო - reportal.ge), 2006 წლის 31 ივლისს საქართველოში დარეგისტრირებული და მოქმედი კომპანიაა. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა სააქციო საზოგადოება და დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 50,1%-ს ფლობს ენერგო პრო ეი. ეს. (ჩეხეთის რესპუბლიკა), 49,9%-ს კი სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ (საქართველო). ამასთან, „ენერგო-პრო ეი. ეს“ (მშობელი კომპანია) ფლობს სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ 100%-ს. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მშობელი კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა. 2021 წლის 29 დეკემბერს მშობელმა კომპანიამ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგმა“ („უშუალო მშობელი კომპანია“) გააფორმეს მართვის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც კომპანიაზე სრული კონტროლი გადაეცა უშუალო მშობელ კომპანიას.

ვრცლად იხილეთ: bpn.ge