თბილისის ელექტრომომარაგებაზე პასუხისმგებელმა კომპანიებმა „თელმიკომ“ (შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“) და „თელასმა“ 2022 წელი გაზრდილი შემოსავლებით დაასრულეს.

კომპანიების ანგარიშების თანახმად, გასულ წელს „თელმიკოს” შემოსავალმა 676 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი იყო. რაც შეეხება „თელასს“, 2022 წელს კომპანიამ დენის განაწილებიდან 211 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 30 მილიონით მეტი იყო.

მკვეთრად გაიზარდა კომპანიების წმინდა მოგება, „თელმიკოს“ მოგებამ 93.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 42 მილიონი ლარით მეტი იყო, ხოლო „თელასის“ წმინდა მოგებამ 78.8 მილიონი ლარი შეადგინა (2021 წელს 71.6 მლნ ლარი).

„თელმიკოს“ მთავარ ხარჯს ელექტროენერგიის შესყიდვა წარმოადგენდა, რაც გასულ წელს 268 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის მიერ „თელასისთვის“, როგორც გამანაწილებელისთვის გადახდილი თანხა კი 200.7 მილიონი ლარი იყო. ელექტროენერგიის გადაცემაში „თელმიკომ“ 75 მილიონი ლარი გადაიხადა, ესკოს მიმართ გადახდები კი 39 მილიონ ლარს შეადგენდა. მთლიანობაში ელექტროენერგიის შესყიდვა-განაწილების მხრივ კომპანიამ 585 მილიონი ლარი დახარჯა.

2023 წელს სს „თელასს“ დაგეგმილი აქვს განახორციელოს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „ლილო-1“ და „ლილო-2“ რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. ასევე ჩატარდება ცგპ-5036, ცგპ-5060 და ცგპ-0417 სრული რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია“, - ნათქვამია კომპანიის გეგმებში.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, თელასმა თანამშრომელთა ხელფასებზე 63 მილიონი ლარი, თელმიკომ კი 7 მილიონი ლარი დახარჯა.

„თელმიკო“ 2020 წელს დაფუძნდა. კომპანიის მოვალეობა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაა, ხოლო „თელასის“ ფუნქცია ელექტროენერგიის განაწილებაა. 

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „თელმიკოს“ მთავარი მფლობელი (75.471%) არის „სილქ როუდ ჰოლდინგს ბი.ვი“, რომელსაც აკონტროლებს საჯარო სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო“. საჯარო სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო“ კონტროლდება რუსეთის ფედერაციის მიერ. კომპანიის მეორე მფლობელია შპს „ენერჯი კომპანი“ (24.529%).

2021 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, „თელასის“ სააქციო სტრუქტურა შემდეგი იყო: Silk Road Holdings B.V.  - 75,11%; შპს ბესთ ენერჯი გრუპ -  24,53%; ფიზიკური პირები -  0,36%.