ბინებზე ფასების კლებას წელს არ ველოდებით... მოთხოვნა ბაზარზე არის და მყიდველებიც ძირითადად ქართველები არიან, - ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო Realtor Of Georgia-ის დირექტორმა, ალექსანდრე პაქსაშვილმა „კომერსანტს“ უთხრა.
მისი თქმით, უცხოელების მხრიდან ბინებზე მოთხოვნა შემცირებულია, თუმცა ადგილობრივი მოთხოვნა არ შეცვლილა, ამიტომაც რადიკალურ ცვლილებებს უძრავი ქონების ბაზარზე არ უნდა ველოდოთ.
Realtor Of Georgia-ში აღნიშნავენ, რომ მათი მყიდველების 80% სწორედ საქართველოს მოქალაქეები არიან.
„სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ უძრავ ქონებაზე, ამ ეტაპზე მოთხოვნა შემცირებულია. გადაფიქრების შემთხვევები არ გვქონია, თუ მყიდველი ნამდვილად დაინტერესებულია ბინით, საქმე ბოლომდე მიგვყავს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ან სხვა რამის გამო, რომ უკან დაეხიათ ასეთი შემთხვევა, მით უმეტეს უცხოელებთან, არ გვქონია.
ზოგადად ბინებზე მოთხოვნის 100% რომ ავიღოთ, აქედან დაახლოებით 80% მაინც ქართველი მყიდველია. არ მგონია, რომ ბინებზე ფასები დაიკლებს, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გაძვირდება. რეალურად, ბინებზე მოთხოვნა ქართველების მხრიდან არის, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ფასები კლებისკენ წამოვა. საქართველოში ბინებს მაინც ის კატეგორია ყიდულობს, ვისაც ფული აქვს, ბევრი ბიზნესია, ბევრი შემოსავალია და არ ვფიქრობ, რომ პრობლემები შეიქმნება. უნდა ითქვას ისიც, რომ თბილისში ბინებს ძირითადად, რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი ყიდულობს; თბილისელები უფრო ბინებს ქალაქგარეთ არჩევენ“,- აღნიშნა Realtor Of Georgia- ის დირექტორმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.