თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველი კომპანია შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკი” რამდენიმე თვის წინ გაიყიდა.
2023 წლის 23 მარტს ბიზნესს რეესტრში დარეგისტრირდა თიზ-ის მფლობელი კომპანიის მესაკუთრის ცვლილება, Bitfury Holding B.V-ი შპს „ზოტი ჰოლდინგმა“ ჩაანაცვლა. ასევე შეიცვალა კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი ტაბიძე ამ პოსტზე კომპანიის ახალმა პარტნიორმა იოსებ ნიბლაძემ შეცვალა, რომელიც აქამდე „ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ ხელმძღვანელობდა.
„ზოტი ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თიზ-ის მმართველი პარტნიორი სოსო ნიბლაძე ამბობს, რომ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება.
„თბილისის თიზ-ის მმართველი, მფლობელი და ადმინისტრატორი ახლა უკვე არის „ზოტი ჰოლდინგი“ და ვიწყებთ აქტიურ მუშაობას. პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება 5000 კვ.მ-ზე სასაწყობე მეურნეობის ცენტრი, მზა შენობა-ნაგებობების სახით, კომუნიკაციით.
ჩემი ვარაუდით, უახლოეს 3 წელიწადში დაახლოებით 10 მლნ დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ. თუმცა არ გამოვრიცხავ ეს რიცხვი მცირედით დაკორექტირდეს უკეთესობისკენ, რთულია მაინც პროგნოზის გაკეთება. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავთ ეტაპობრივად დავიწყოთ ფიქრი თიზ-ის გაფართოებაზეც“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.
სოსო ნიბლაძემ ასევე ინვესტორების მოსაზიდად აუცილებელ პირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპელი ინვესტორის მოსაზიდად აუცილებელია სტაბილურობა, მეტი კომფორტი და უფრო მეტად განვითარებული ინფრასტრუქტურა. გადასადგმელია სხვადასხვა ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობის დახვეწის კუთხით.
ზოტი ჰოლდინგი” 2022 წლის აგვისტოში დაფუძნდა. მისი მფლობელები არიან:
● იოსებ ნიბლაძე - 38%;
● ირაკლი რეხვიაშვილი - 36%;
● ვარლამ რეხვიაშვილი - 14%;
● შპს მირატეკ, უნგრეთი - 6%;
● გილ ფეილერ, გერმანია - 6%.
თბილისში გლდანის მიმდებარედ 17 ჰექტარზე განთავსებული „თბილისის თავისუფალ ინდუსტრიული ზონა” 2015 წლის 26 ოქტომბერს დაფუძნდა და მისი ძირითადი საქმიანობა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კომერციული სივრცის შეთავაზება იყო.