თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო ევროპული ბრენდის ქვეშ გაიხსნება, - ამის "ბიზნესპარტნიორს" კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა.

კურორტის აღმასრულებელი დირექტორი კონკრეტული ბრენდის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ  სასტუმრო 100 ნომრიანი იქნება და მისი გახსნა დეკემბერში იგეგმება.

გარდა ამისა, სალომე ყვავილაშვილის განცხადებით, კურორტის ტერიტორიაზე WORLD SPA-ს მშენებლობაც მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, სასტუმროს გახსნამდე ამოქმედდება.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე WORLD SPA-ს პროექტი აქტიურ ფაზაშია გადასული, სარემონტო სამუშაოები თითქმის სრულდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართული როგორც დიზაინის, ასევე სერვისებისა და მომსახურებების მიმართულებით. WORLD SPA ანუ "მსოფლიო სპა" მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა სახის სპა-მომსახურეობას გააერთიანებს, მათ შორის, "კლეოპატრას აბაზანას", სხვადასხვა სახის მასაჟს, სარელაქსაციო მასაჟებს და სხვა", - აცხადებს სალომე ყვავილაშვილი.

მისივე თქმით, WORLD SPA-ს და ახალი სასტუმროს პროექტში უკვე განხორციელდა 20 მილიონი ლარის ინვესტიცია და საბოლოო პროექტამდე გაცილებით მეტის ინვესტირება იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.

bp.ge