მარიამ ჯაფარიძის, ნათია ჭიღიტაშვილის და მაშო ზალდასტანიშვილის მიერ შექმნილი კერამიკული სახელოსნო „კირკე“ წელწად-ნახევარია რაც ბაზარზე გამოჩნდა. მის შემქმნელებს კერამიკასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მანამდეც ჰქონდათ. მათ ერთმანეთი ერთ-ერთ კერამიკულ სახელოსნოში გაიცნეს. რამდენიმე წლიანი ერთად მუშაობის შემდეგ კი საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტეს.
რა არის „კირკეს“ კონცეფცია და რა ნივთები მზადდება სახელოსნოში. ამის შესახებ „კომერსანტს“ სახელოსნოს ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ ჯაფარიძე ესაუბრა
„თავიდანვე გვქონდა კონცეფცია, რომ ნამუშევრები უნდა ყოფილიყო ქართულ მოტივებზე. ჩვენი ძირითადი მიმართულება და ხაზია, რომ ნამუშევრები მოიხატოს ან ფორმები ჰქონდეს ქართული კულტურიდან, იქნება ეს ქართული ანბანი, ხუროთმოძღვრება, ორნამენტები და ა.შ
ჩვენი პროდუქცია არის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ჭურჭელი და დეკორატიული ნაკეთობები, ეს შეიძლება იყოს სანათები, სარკეები, ხელსაბანები, სარესტორნო ჭურჭელი, საახალწლო და სააღდგომო დეკორატიული ნივთები,“- აღნიშნა მარიამ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, დაინტერესება მზარდია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მომხმარებლებშიც
„დაინტერესება მზარდია, რაც დრო გადის მით უფრო მეტი მომხმარებელი გვყავს, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგად გავართვით თავი ამ წამოწყებას.
ადგილობრივი მომხმარებლების დაინტერესება უფრო მაღალია, ძირითადად საჩუქრებად მიაქვთ საზღვარგარეთ. უცხოელებიც ყიდულობენ მაგალითად ქართული ანბანით გაფორმებულ ნამუშევრებს სუვენირებად. საელჩოებიც დაგვკავშირებიან და მოგვიხატავს ქართული მოტივებით სასაჩუქრე ნამუშევრები.
კონკრეტულად არ გვაქვს დასახული ექსპორტზე გასვლა, ჯერ ვცდილობთ აქაურ ბაზარზე დამკვიდრებას, კონკურენცია ძალიან მაღალია, ბევრი სახელოსნოა გახსნილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩვენი ნიშა გვაქვს,“- განაცხადა მარიამ ჯაფარიძემ.
როგორც „კირკეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, ამჟამად მათი სახელოსნო ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს, აქვეა შოურუმიც, თუმცა სამომავლოდ ისინი გაფართოებას და ადგილის შეცვლას გეგმავენ.