GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი შაკიაშვილმა „კომერსანტის დილასთან“ თანამშრომლობის პროგრამა (Leniency)-ის შესახებ ისაუბრა.

შაკიაშვილის თქმით, ხსენებული პროგრამა კარტელური შეთანხმებების გამოვლენის ეფექტიან საშუალებაა, რადგან კონკურენციის უწყებებს საშუალება ეძლევათ, ჰქონდეთ პირველწყაროდან მოპოვებული ე.წ. „ინსაიდერული“ ინფორმაცია და მტკიცებულებები. მისი ეფექტიანი მუშაობა კი კონკურენტული და ჯანსაღი ბიზნეს-ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია.

„თანამშრომლობის პროგრამა ე.წ - Leniency წარმოადგენს კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ,,კარტელური ტიპის“ შეთანხმებები საზიანოა, როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე თითოეული მომხმარებლისთვის. უპირველესად, ,,კარტელური შეთანხმების“ პირობებში, კონკურენტი კომპანიები თანხმდებიან, რომ ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიონ და შესაძლებელია შეთანხმდნენ მაღალ ფასებზე, ფიქსირებულ ფასებზე, ბაზრების განაწილებაზე და აშ. ეს ყველაფერი ჩვენზე, როგორც საბოლოო მომხმარებლებზე ნეგატიურად მოქმედებს.

შესაბამისად, ჩვენ ვიხდით იმაზე მეტს, ვიდრე ნორმალური და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში გადავიხდიდით, ამასთან, ბაზარზე საქონლისა და მომსახურების არჩევანის კუთხით ვართ შეზღუდული და ზოგადად ბაზარი ნაკლები ინოვაციით გამოირჩევა. კომპანიები ერთმანეთთან ასეთ ტიპის შეთანხმების ფარგლებში, არ განიცდიან კონკურენტულ წნეხს, რათა გააფართოონ წარმოება, შექმნან უფრო ინოვაციური პროდუქტი, შექმნან უფრო ფართო ასორტიმენტის პროდუქცია და სხვა.

კონკურენციის უწყების გადმოსახედიდან, ,,კარტელური შეთანხმებების“ გამოვლენა და აღკვეთა უკავშირდება შედარებით ხანგრძლივ პროცესს, რომლის დროსაც კონკურენციის უწყებამ უნდა მოიძიოს სხვადასხვა სახის პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებები. სწორედ აქ, ამ ეტაპზე ჩნდება თანამშრომლობის პროგრამა.

ე.წ კარტელური შეთანხმებები ქართული კანონმდებლობით ფინანსურ სანქციებს ექვემდებარება. პირველ ეტაპზე ეს შეიძლება იყოს მონაწილე კომპანიის მთლიანი წლიური შემოსავლის 5%, ხოლო, თუ ეს ქმედება არ არ აღმოიფხვრა ან ქმედება განმეორდა, ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი შესაძლოა 10%-მდე გაიზარდოს“,- ამბობს ირაკლი შაკიაშვილი.

GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განმარტებით, იმისათვის, რათა სააგენტომ დაიწყოს საქმის მოკვლევა ე.წ „კარტელური შეთანხმებების“ გამოსავლენად, შესაძლებელია სააგენტოს საჩივრის ფორმით მიმართოს ეკონომიკურმა აგენტმა, ხოლო, სხვა  შემთხვევაში კი საფუძვლიანი ეჭვის არსებობის საფუძველზე,  სააგენტო თავად, საკუთარი ინიციატივით იწყებს მოკვლევას.

„კონკურენციის სააგენტოსთან მომართვის ორი ფორმა არსებობს: საჩივრის საფუძველზე, ნებისმიერ ეკონომიკურ აგენტს შეუძლია მოგვმართოს, თუ მას აქვს კონკრეტული ინფორმაცია და მტკიცებულებები. ოღონდ, რა თქმა უნდა, ამ საჩივარში მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტი დაკმაყოფილებული უნდა იყოს.

საქმის მოკვლევის დაწყების მეორე გზას წარმოადგენს, სააგენტოს მიერ საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დაწყება. მაგალითად, სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგს და თუ ამ მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა რამე ისეთი გარემოება, რაც გონივრულ ეჭვს ქმნის, შესაძლებელია სააგენტომ საკუთარი ინიციატივით გადადგას გარკვეული ნაბიჯები.

თანამშრომლობის პროგრამა ორმხრივი მექანიზმია, რომელიც ბენეფიტის მომტანია როგორც ბიზნესისთვის, ასევე  სააგენტოსთვისაც.  თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, „კარტელურ შეთანხმებაში“ მონაწილე კომპანია შეიძლება სრულად განთავისუფლდეს სანქციისგან ან შეუმცირდეს ის კონკრეტული სანქცია, რაც მას უნდა დაეკისროს ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, კონკურენციის აღმასრულებელ უწყებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ.

ევროკავშირში ეს პროგრამა 1996 წლიდან არის დანერგილი, თუმცა მისი გამოყენება აქტიურად 2004 წლიდან დაიწყო. ასეთი ტიპის შეთანხმებების 94%-ში მინიმუმ ერთი თანამშრომლობის პროგრამის განაცხადი მაინც დაფიქსირდა. ამ დაფიქსირებული განაცხადების 55-60%-ში გამოყენებული იქნა ან ფინანსური სანქციის გაუქმება ან მისი შემცირება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Leniency-ის პროგრამა ევროპაში ძალიან ფართოდ გამოიყენება“,- განაცხადა GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი შაკიაშვილმა.