„ღვინის ემოცია“ ქართული წარმოების სუვენირების ბრენდია, რომელიც უკვე 3 წელია არსებობს. განსაკუთრებული ტექნოლოგიითა და უნიკალური დიზაინით შექმნილი ნამუშევრები მომხმარებლებში უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს.
„ღვინის ემოციის“ ნაკეთობები ორიგინალური საჩუქარია როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის, რადგან ისინი ღვინის სამშობლოს, საქართველოს, საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ.
თუ როგორ გაჩნდა ღვინის ქვისგან სამკაულებისა და სუვენირების დამზადების იდეა, რა გზა გაიარა წარმოებამ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე და როგორ იქცა „ღვინის ემოცია“ ყველასთვის საყვარელ ბრენდად, ამ თემებზე კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე „კომერსანტს“ ინტერვიუში ესაუბრა.
როდის და როგორ გაგიჩნდათ ბიზნესის დაწყების იდეა?
მეღვინეობას და ვენახს ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. 2019 წელს დავამთავრე ღვინის სკოლა და მივხვდი, რომ ღვინის შექმნა უდიდესი პასუხისმგებლობა და რთული საქმეა. თუ საუკეთესო ღვინოს ვერ დააყენებ, სჯობს, საერთოდ არ მოჰკიდო ამ საქმეს ხელი. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ რადგან ღვინისთვის ჯერ მზად არ ვიყავი, მის ნაცვლად, ღვინისა და ქართული თემატიკით, განსხვავებული და ღირებული სამკაული და სუვენირი შემექმნა. ასე გაჩნდა Emocia Wines 2020 წელს, მწვავე პანდემიის დროს.
რამდენი იყო ინვესტიციის მოცულობა, რომლითაც საქმე წამოიწყეთ და საიდან მოიძიეთ თანხები?
ჩემი პირველი ნაკეთობა ყურძნის მტევნის ბროშები იყო, რომელიც Emocia Wines-ის სავიზიტო ბარათია. მას არაერთი უცხო ქვეყნის ელჩი ატარებს, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. შემდეგ გაჩნდა ბრინჯაოს და მარმარილოს სუვენირები, ღვინის დეგუსტაციის ჩანთები, ბრინჯაოს სამკაულები და შარფზე გადატანილი, გაყინული ღვინის წვეთისა და ღვინის ქვის ფოტო. პირველი დანახარჯი 100 ლარიც კი არ იყო.
თანხა ჩემი პირველი ბრენდის, Emocia-ს ბიუჯეტიდან ავიღე. ყოველი გაყიდული ნივთიდან მიღებული თანხის უმეტესი წილი, უკან ბრუნდება ბიზნესში, ამიტომ მჯერა, რომ სწორად დაგეგმილი პროცესები, დიდი შრომა და მოთმინება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე დიდი ინვესტიცია.
მოგვიყევით ტექნოლოგიაზე, რომლითაც თქვენი სამკაულები და სუვენირები მზადდება...
ყურძნის ბროშები ნატურალური ქვებისგან მზადდება. ყურძნის ჩემეული ხელწერა მაქვს და ყოველი მათგანი ქართული, ენდემური ჯიშების ზუსტ ანალოგს წარმოადგენს. თითოეულს თან ახლავს პასპორტი (რომელიც 7 ენაზეა თარგმნილი), სადაც ამ კონკრეტული ჯიშის შესახებ, საინტერესო ცნობები წერია.
ბრინჯაოს და მარმარილოს სუვენირები ჩემი იდეითაა შექმნილი, რომელსაც ძალიან ნიჭიერი და პროფესიონალი გუნდი მიმზადებს. სუვენირ ქვევრს და ვაზსაც ჩემი შექმნილი ბროში ამშვენებს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი საჩუქარია. ყურძნის შექმნას ერთ საათზე მეტი დრო სჭირდება. არც ერთი არაა იდენტური. მტევანს დიდი დაკვირვება სჭირდება, რადგან ერთმა, არასწორად მიბმულმა ქვამაც, შესაძლოა მისი ფორმა შეცვალოს.
რამდენი სახის მოდელი იყიდება „ღვინის ემოციაში“ ამ ეტაპზე და ონლაინ მაღაზიის გარდა, კიდევ სად შეიძლება მათი შეძენა?
ღვინის ემოციას 80-მდე მოდელი და 7 მიმართულება აქვს. ესენია:
- ბროში - ყურძნის მტევანი
- ბრინჯაოს ბროშები
- ბრინჯაოსა და მარმარილოს სუვენირები
- აბრეშუმის შარფები
- ღვინის დეგუსტაციის ჩანთები
- მაისურები ღვინის ქვის ფოტო-ორნამენტებით და
- ტილოს ჩანთები ღვინის ქვის ფოტოთი
მინდა აღვნიშნო, რომ ღვინის ქვის თემატიკა და მისგან შექმნილი სამკაული თუ ტანსაცმელი, ჩემი შემდეგი ბრებდის Wine Diamond-ის აღმოჩენაა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.
ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. Emocia Wines-ის პროდუქცია იყიდება ონლაინ, ჩვენს ვებგვერდზე, ფეისბუკსა და ინსტაგრამზე, ასევე ლოპოტაზე, „შატო მერეში“ და თბილისში, ბახტრიონის 12-ში.
თუ ამზადებთ სუვენირებს კერძო შეკვეთით?
კერძო შეკვეთებზე არ ვმუშაობთ, რადგან თითოეულ ნივთში ჩემი პირადი ემოცია და იდეა დევს. დიზაინზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი. ვერ შევქმნი ისეთ ნივთს, რაც მე არ მომწონს. ერთადერთი გამონაკლისი, რასაც ვაკეთებთ არის, პერსონალური წარწერები ბრინჯაოს სუვენირებზე, რომელსაც ხშირად გვთხოვენ.
რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქტის ღირებულება?
ჩვენი საჩუქრები თანაბრად პოპულარულია ქართველებსა და უცხოელებში. ვთანამშრომლობთ არაერთ კომპანიასა თუ სექტორთან, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საჩუქარს ეძებენ. გარდა იმისა, რომ Emocia Wines-ის ყოველი ნივთი საინტერესო ვიზუალით და ისტორიითაა დატვირთული, თან ახლავს ბრენდული შეფუთვა და პასპორტი, სადაც საქართველოზე ძალიან საინტერესო ამბები წერია. მართლაც საამაყო საჩუქარია.
როგორია მოთხოვნა და თვეში დაახლოებით რამდენი გაყიდვა გაქვთ?
ბრენდი მესამე წელია, რაც არსებობს და ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა. ამის მნიშვნელოვანი ფაქტორია - უცვლელი ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებელი, რომლის სიტყვებითაც: ნაკეთობები ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის ადამიანები, რომლებიც რამდენჯერმე გვიბრუნდებიან. ეს ყველაზე კარგი ინდიკატორია, მათი კმაყოფილების და იმის, რომ სწორ გზაზე ვართ. გაყიდვების თვიური მაჩვენებელი ცვალებადია და საშუალოდ 50-იდან 80-მდე მერყეობს.
რა მიმართულებით ფიქრობთ ბიზნესის განვითარებას მომავალში?
ჩვენი მთავარი ნიშა - ღვინისა და საქართველოს თემატიკაზე შექმნილი ისეთი ნაკეთობებია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვინის ქვის ფოტოებით შექმნილი შარფები, მაისურები და ჩანთები, ასევე ბრინჯაოს სუვენირები ყურძნის მტევნით და ჩვენი ღვინის სადეგუსტაციო ჩანთები, რომელსაც წინ ხელით შესრულებული ნახატი ამშვენებს და ღვინის ორი ბოკალიც ახლავს თან.
გვინდა, ეს ნიშა მკაცრად იყოს დაცული და მთავარ კონცეფციას - საქართველოს და ღვინოს არ გავცდეთ. სამომავლოდ, უფრო მეტ კომპანიასთან თანამშრომლობას ვგეგმავთ და ექსპორტის გაფართოებას ამერიკასა და ევროპაში. გვექნება კიდევ ახალი, უნიკალური ნივთები, რომელიც ღვინის გარშემო შეიქმნება!