Starring Georgia-ს ფარგლებში, „დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები ტურიზმის სექტორს ძალიან წაადგება და საქართველოს, როგორც Starring-ის ცენტრად ჩამოყალიბებას დააჩქარებს.

ბურჯანაძე „კომერსანტთან“ განმარტავს იმასაც, რომ სამომავლოდ, სფეროს განვითარების და ჯანსაღი ფუნქციონირების მიზნით, პროექტი კერძო ინვესტორის ხელში უნდა გადავიდეს.

„Starring Georgia-ს მსგავსი ნაბიჯები სწორი და გამართლებულია, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამას კერძო პირი გააკეთებდა. თუ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ტრადიცია შეიქმნება და ყოველთვის იქნება  მოლოდინი, რომ საქართველოში ტოპ ვარსკვლავები ჩამოვლენ, ეს ძალიან კარგია.

Starring-ის ჰაბი დუბაია და ჩვენს რეგიონში, შესაძლებლობა არის, რომ საქართველო იყოს. ტურიზმი ის სფეროა, რომელიც ეკონომიკის დეფიციტსაც კი ავსებს, ამიტომ მას განსაკუთრებით სჭირდება სწორი ნაბიჯების გადადგმა. რა თქმა უნდა, გაყიდული ბილეთების მფლობელთა უდიდესი ნაწილი ტურისტის ვერ იქნება, მაგრამ თუ მოლოდინი შეიქმნება, რა თქმა უნდა, ქართველებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც იყიდიან ბილეთებს. შესაძლებლობა იქმნება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები მხოლოდ კონცერტისთვის, ერთჯერადად ჩამოვიდნენ და ასევე, უკვე აქ მყოფ ტურისტებსაც მოეწონოთ Starring-ის იდეა და კონცერტზე წავიდნენ. ასეთი კონცერტები ქვეყნის პოპულარიზაციას გაზრდის. ჩემი აზრით, მსგავსი ტურნეები სახელმწიფოს სუბსიდირების გარეშე ვერ იქნებოდა, დასაწყისისთვის მიდგომა სწორია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოგებიანობის ზრდასთან ერთად, კერძო პირის ხელში უნდა გადავიდეს“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ რუბრიკაში - „რესტორატორები“.