კომუნიკაციების კომისიამ ქვეყანაში 5G სიხშირის მობილური ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით აუქციონები გამოაცხადა. კომკომის სხდომაზე ამ აუქციონების პირობები გააკრიტიკა “სილქნეტის” დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. საქმე იმაშია, რომ გამოცხადებული 4 აუქციონიდან 3-ის პირობების მიხედვით, მისმა შემძენმა 5G ქსელის დანერგვასთან ერთად ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებაც უნდა უზრუნველყოს.

გიორგი რამიშვილის განმარტებით, ამ სახით დაყენებული პირობით, კომუნიკაციების კომისია არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს.

“ჩვენ გვსურდა, რომ ყოფილიყო არჩევანის საშუალება. ერთი მხრივ, ვისაც უნდა დისკაუნტით აიღოს ეს ვალდებულება და ვისაც არა, გააკეთოს ჩვეულებრივი კლასიკური ლიცენზიის შესყიდვით. ამ შემთხვევაში ყველას ინტერესები იქნებოდა დაცული.

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 5G-ს გაშვებაზე. ბიზნესქეისი რთულია რომ გააკეთოთ. ოპერატორები ვართ და გვინდა გავაკეთოთ 5G დატვირთვების გარეშე.

მაგალითად, გაეშვა უკვე MVNO ქსელი და უკვე 15 ათასი აბონენტი ჰყავს და საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს თავის გეგმას. შესაბამისად, პრეცედენტი უკვე არის და ეს არის ნორმალური და სწორი გზა. თუ ამას გადახედავთ და მოგვცემთ არჩევანის საშუალებას, ეს ინდუსტრიას წაადგებოდა. თუკი გამოიტანდით არჩევანის საშუალებით ამ აუქციონზე, მაშინ თქვენ გექნებოდათ სამი ქსელის შექმნის ძალიან კარგი საშუალება. ჩვენ არ ვართ მტრები და მემგონი ყველას ინტერესშია გაკეთდეს 3 5G ქსელი და ასეთი გზით მოხდეს ამ ლიცენზიის რეალიზაცია. გადაწყვეტილება თქვენია და თქვენ წყვეტთ. ჩვენ ამაში არ შემოვალთ, რადგან ერთი ლიცენზია ისედაც არ მიგვაჩნია ეთიკურად, რომ რაღაცნაირად დაგვაპირისპიროთ. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ კონკურენეტები ვართ, ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვაქვს და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში გვაქვს კონკურენცია. მე ვისურვებდი ჩემი მარეგულირებლისგან, რომ უფრო ჯანსაღი გადაწყვეტილებები მიგვეღო. კი არ უნდა დაგვაპირისპიროთ ოპერატორები, არამედ ვეცადოთ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ,”- განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

სხდომაზე “მაგთის" იურისტმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რომ არსებული პირობებით კომპანია აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებს.

“დღევანდელი შეხვედრის შედეგი უნდა ყოფილიყო ჩვენი აუქციონში მონაწილეობა. თუმცა, ისე ვამთავრებთ შეხვედრას, რომ გეტყვით რომ ამ აუქციონში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ძალიან ცუდია, რომ ამ შედეგამდე მივედით, თუმცა თავს ზემოთ ძალა არ არის,”- განაცხადა ლევან გიორგაძემ.

bm.ge