საქართველოში ნედლი რძის დეფიციტი არა მხოლოდ ზამთარში, არამედ უკვე სეზონზეც - ზაფხულშიც მწვავედ დგას, - აცხადებს საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ანა მიქაძე-ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ ასეთი მასშტაბის დეფიციტი ქვეყანას არც ჰქონია.
„როგორც წესი, ქართული ბაზარი და ნედლი რძე ძალიან თავისებური, სეზონურია - ზაფხულში ბევრია და გადასასხმელია რომ ვერ ყიდიან და ვერ ასაღებენ, ზამთარი დეფიციტია და ფასი კატასტროფულად იზრდება. თუმცა ახლა გაუარესდა სიტუაცია და როგორც ზამთარში, ისე ზაფხულშიც. პრობლემა ერთი და იგივეა - რძე დეფიციტშია. თითქოს ორგანიზებული ფერმების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ვერ ივსება დეფიციტი, რაც ქვეყანას ნედლი რძის სახით აქვს“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
მისივე განმარტებით, კეთილსინდისიერი მწარმოებლები ცდილობენ, რომ ნედლი რძის დეფიციტი კვლავაც ნედლი რძით შეავსონ, რის გამოც, რასაკვირველია, წარმოება უმცირდებათ, მაგრამ არ კადრულობენ იმას, რაც რძისა და ყველის მწარმოებელმა არ უნდა იკადრონ, რადგან ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია. რაც შეეხებათ არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, ისინი იყენებენ ყველანაირ უგვან ცხიმს და ყველაფერს კადრულობენ. მსგავსი სიტუაციაა ფასების მხრივაც - არიან არაკეთილსინდისიერი და კეთილსინდისიერი გამყიდველები.
ნედლი რძის დეფიციტის გარდა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს - საქონლის დეფიციტზე.
„ჩვენი ფერმები არის მცირე, მოუწესრიგებელი და არაორგანიზებული. ამ მხრივ საქართველოში არაფერი ხდება. თუმცა, რამდენადაც ვიცი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი კვირაში ერთხელ ხვდება ფერმერებს და გაჟღერდა, რომ უნდა გამოინახოს რესურსი და სახელმწიფომ მიიღოს თანადაფინანსების გადაწყვეტილება, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია. შვეიცარიაში, მაგალითად, ვერ ნახავთ ვერც ფერმერს, ვერც მეტყევეს, სახელმწიფო რომ არ ეხმარებოდეს. ფერმერებს სულს უბერავენ და ხელებს უკოცნიან და ასე უნდა იყოს საქართველოშიც, თორემ ერთ მშვენიერ დღეს ძროხა კი არა, წვეთი რძე აღარ გვექნება და მართლა მოგვიწევს ნადიდღნ აღდგენილ რძესა და იმპორტირებულ ყველზე გადავიტანოთ ჩვენი ყოფა“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.