ავტოიმპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საქართველოში ამ დროისთვის საავტომობილო პროფიციტი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე უფრო მეტი ავტომობილია შემოყვანილი, ვიდრე მოთხოვნაა.

როგორც “კავკასიის ავტოიმპორტში” BMG-ის განუცხადეს, როგორც წესი, ავტომობილებზე მოთხოვნა, მათ შორის რეექსპორტის ნაწილში შემოდგომიდან იზრდება, ამიტომ კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ წლის მეორე ნახევარში უკვე ბაზარზე მცირედი საავტომობილო დეფიციტი შეიქმნას.

კომპანიის გაყიდვების დირექტორი, ალექსანდრე ვეკუა აცხადებს, რომ ამავე პერიოდში არაა გამორიცხული, მეორადი ავტომობილების ფასები გაიზარდოს. მისივე თქმით, ამ დროისთვის აშშ-ს მიერ ავტომობილებზე შემოღებული ტარიფების ფონზე, საქართველოში იმპორტირებულ მეორად მანქანებზე ფასების მცირედი ზრდა უკვე ფიქსირდება.

“პირველ და მეორე კვარტალში [ავტომობილებზე] მიწოდება ასწრებს ხოლმე მოთხოვნას და ჩნდება ერთგვარი საავტომობილო პროფიციტი, რაც ავტობაზრობებზე თვალხილულია ხოლმე. რიგები დგას ბაზრობაზე მოსახვედრად. როგორც წესი, ზაფხულის შუა პერიოდში მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს უთანაბრდება და იქ უკვე რიგები აღარ არის და შემოდგომაზე უკვე დეფიციტიც კი შეინიშნება ბაზარზე. წელსაც დაახლოებით იგივე ტენდენცია მეორდება. ერთგვარი საავტომობილო პროფიციტი იყო, მიწოდება უფრო მეტი იყო, ვიდრე მოთხოვნა, ვინაიდან პირველ და მეორე კვარტალში შედარებით ნაკლებია გაყიდვები. ამიტომ დაგროვდა ავტომობილები, თუმცა ამ მიმართულებითაც უკვე შეინიშნება დადებითი ტენდენცია, პრაქტიკულად უკვე ავტობაზრობებზე რიგები აღარ გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა და მიწოდება უკვე წონასწორობაშია და სექტემბერ-ოქტომბრისთვის შეიძლება მცირედი დეფიციტიც კი გვქონდეს ბაზრობებზე.

რაც შეეხება ფასებს და აშშ-ს ტარიფების განვლენას ბაზარზე, გლობალურად მეორადი ავტომობილების ფასების ინდექსები გაზრდილია 7-10%-ის ფარგლებში, ძირითადად ეს ზრდა შეეხო უფრო ლიკვიდურ ავტომობილებს და ბიუჯეტურებს, რაზეც მოთხოვნა გაცილებით მეტია, ხოლო შედარებით არალიკვიდურებზე ფასში პრაქტიკულად ცვლილება არ გვაქვს. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ძირითადი ავტომობილების იმპორტს ვახორციელებთ შტატებიდან და ეს აისახება ფასებზე. თუმცა ვინაიდან ერთგვარი საავტომობილო პროფიციტი გვქონდა, ანუ ჭარბი იყო შედარებით მიწოდება ვიდრე მოთხოვნა, ეს ანეიტრალებს ფასების ზრდას. დეფიციტისკენ რომ წავალთ, სავარაუდოდ ეს იქნება შემოდგომაზე, მაშინ უკვე თვალხილული იქნება ფასების ზრდა. ამიტომ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ რაღაც კატეგორიის ძალიან ლიკვიდურ ავტომობილებზე ფასი მცირედით გაზრდილია. თუმცა საერთო ჯამში, ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ამ ცვლილებების გამო ავტომობილებზე ფასები გაიზარდა. შესაძლოა, ფასების ზრდა ჩვენზე შემოდგომის დასაწყისიდან აისახოს, თუმცა ამის პროგნოზი მაინც რთულია”, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.

bm.ge