საქართველოში სასესხო ვალდებულებების მართვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ფინბიუროს“ მფლობელები თბილისში, სააკაძის დაღმართზე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას იწყებენ.

არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობის ნებართვა რამდენიმე თვის წინ მიიღო. მრავალფუნქციური შენობა მიწისზედა 5 სართულს მოიცავს.

„საპროექტო ნაგებობა შედგება ცხრა სართულისგან აქედან 4 სართული განთავსებულია მიწის ქვეშ, ხოლო 5 სართული წარმოადგენს მიწისზედა სართულს. შენობის მინუს 4,3,2 სართულებზე განთავსებულია ავტოსადგომები. მიწისქვეშ სართულები აღჭურვილია ავტოსაშხეფი სისტემით. მინუს სართულებზე ჩასვლა ხდება პანდუსების საშუალებით. შენობის მინუს ერთ სართულზე განთავსებულია საოფისე ფართები. აღნიშნული სართული ჩრდილოეთის მხარეს გადის უკანა ეზოში. შენობის ნულ სართულზე მოწყობილია კომერციული სავაჭრო სივრცეები და ასევე შენობის მთავარი შესასვლელი.

ამავე სივრცეში არის მოწყობილი შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი. შენობის მეორე, მესამე, მეოთზე და მეხუთე სართულებზე განთავსებული საოფისე სივრცეები. აღნიშნულ სივრცეებში მოხვედრა ხორციელდება ლიფტებისა და კიბეების საშუალებით. შენობის ფასადზე გამოყენებულია რამდენიმე სახის მოსაპირკეთებელი მასალა. ღიობების მოწყობა მოხდება მუქი ფერის ალუმინის ვიტრაჟებითა და კარ-ფანჯრებით. ფსადი მოპირკეთდება HPL კომპიზოტური პანელის სხვადასხვა ტონალობის მქონე მასალით. შენობის ფასადის ნაწილი შეილესება დეკორატიული ხსნარით და შეიღებება“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, შპს „სააკაძე დეველოპმენტს“, რომელიც მშენებლობას ახორციელებს, ფლობს მალხაზ ბუღდიაშვილი და ვახტანგ ოთხმეზური, რომლებიც თავის მხრივ ასევე ფლობენ ვალის ამომღებ კომპანია „ფინბიუროს“. “შპს „ფინბიურო“ დაფუძნდა 2015 წლის მაისში. კომპანიის ძირითად საქმიანობას ფინანსური ინსტიტუტებისგან გაუფასურებული სესხების შესყიდვა და მართვა წარმოადგენს.